ლემონჯავა: განათლების ინსტრუმენტებზე დამყარებული სტრატეგია ტერორიზმის პრევენციის მექანიზმია
საერთაშორისო უსაფრთხოების სამართლის დოქტორის გიგა ლემონჯავას განცხადებით, განათლების ინსტრუმენტებზე დამყარებული სტრატეგია შეიძლება გახდეს ტერორიზმის პრევენციის მექანიზმი.
ტერორიზმის გლობალური ინდექსის მიხედვით, საქართველო ევროპის წამყვან ქვეყნებზე მეტად უსაფრთხო ქვეყნად ითვლება და არ განეკუთვნება ტერორისტული თავდასხმის მაღალი რისკის ქვეყანათა რიცხვს, თუმცა 22 ნოემბერს, თბილისში განხორციელებულმა სპეცოპერაციამ დაგვანახვა, რომ ჩვენს ქვეყანაში ტერორისტული დაჯგუფების საფრთხეები არსებობს. რა ბერკეტები უნდა დაუპირისპიროს ამ ყველაფერს სახელმწიფომ, რამდენად საკმარისია ჩვენი ქვეყნის შესაბამისი უწყებების მიერ ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით განხორციელებული ღონისძიებები და რა დამატებითი მიდგომებია შესამუშავებელი საფრთხეების პრევენციისთვის – ამ და სხვა კითხვებით საერთაშორისო უსაფრთხოების სამართლის დოქტორს, გიგა ლემონჯავას მივმართეთ.
ინტერვიუში გიგა ლემონჯავა ვრცლად საუბრობს ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით ჩვენი ხელისუფლების მხრიდან შესამუშავებელ მიდგომებზე და აცხადებს, რომ საქართველოს უნდა გააჩნდეს მწყობრი ინტეგრაციული პოლიტიკა, რომელშიც უსაფრთხოებისა და სამხედრო კომპონენტებთან ერთად, განათლებისა და ინტეგრაციული ინსტრუმენტები წამყვანი ელემენტი იქნება. ლემონჯავას აზრით, სწორედ განათლების ინსტრუმენტებზე დამყარებული სტრატეგია შეიძლება გახდეს პრევენციის საუკეთესო მექანიზმი. ამასთან, საერთაშორისო უსაფრთხოების სამართლის დოქტორი აცხადებს, რომ საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტი უკვე მუშაობს 5-პუნქტიან კომპლექსურ გეგმაზე, რომელსაც უახლოეს პერიოდში გააცნობს ყველა მნიშვნელოვან აქტორს.
– ბერი გაბრიელ სალოსის ქუჩაზე სუსმა ჩაატარა სპეცოპერაცია ტერორისტების დასაკავებლად, რომელმაც კიდევ ერთხელ დაგვანახა, რომ ჩვენს ქვეყანაში ტერორისტული დაჯგუფების საფრთხეები არსებობს. როგორ ფიქრობთ რამდენად საკმარისია ის ღონისძიებები რასაც სახელმწიფო ტერორიზმთან ბრძოლის კუთხით ახორციელებს და რამდენად ბევრი კეთდება პრევენციისთვის და არა შედეგებთან ბრძოლისთვის? რა უნდა დაუპირისპიროს ამ ყველაფერს სახელმწიფომ?
– საქართველოს სახელმწიფოს არ აქვს კონტრტერორისტული მუშაობის მდიდარი გამოცდილება და ტრადიცია, რამდენადაც ჩვენი ქვეყანა არც წარსულში და უკანასკნელი მოვლენების გათვალისწინებითაც კი, არც დღეს, ტერორისტული თავდასხმების პირდაპირ სამიზნეს არ წარმოადგენს. თუმცა რამდენადაც უკვე დიდი ხანია ტერორიზმი ლოკალური მოვლენიდან გლობალურ, ტრანსნაციონალურ ფენომენად იქცა, საქართველოც ვერ აუვლის გვერდს თანამედროვე მსოფლიოს ყველაზე დიდ ბოროტებას.
ტერორისტული საქმიანობის საწყისი ეტაპი კონკრეტული ჯგუფების რადიკალიზაციაა. სახელმწიფოს ამ მიმართულებით ორი ძირითადი მიდგომა უნდა გააჩნდეს: რადიკალური ჯგუფებისა და ამ ჯგუფებს მიკუთვნებული პირების გადაადგილების შეზღუდვა საქართველოს ტერიტორიაზე – რაც ძირითადად, სადაზვერვო და საზღვრის დაცვის სტრუქტურების ეფექტურ მუშაობაზეა დამოკიდებული – და რადიკალიზაციასთან ბრძოლა ქვეყნის შიგნით.
საქართველოს მოწყვლად რეგიონებში, სადაც რადიკალური ისლამის გავრცელების საფრთხე შედარებით მაღალია და სადაც დაინტერესებული ჯგუფები და სახელმწიფოები რადიკალური შეხედულებების გავრცელებას შესაძლოა, მიზანმიმართულადაც კი უწყობდნენ ხელს, სახელმწიფოს უნდა გააჩნდეს მწყობრი ინტეგრაციული პოლიტიკა, რომელშიც უსაფრთხოებისა და სამხედრო კომპონენტებთან ერთად, განათლებისა და ინტეგრაციული ინსტრუმენტები წამყვანი ელემენტი იქნება. სწორედ განათლების ინსტრუმენტებზე დამყარებული სტრატეგია შეიძლება გახდეს პრევენციის საუკეთესო მექანიზმი. უმნიშვნელოვანესია, რომ რადიკალური და ძალადობრივი იდეოლოგიებისა და იდეების ადგილი ქართულ საზოგადოებაში, მის ნებისმიერ სეგმენტში არ არსებობდეს. ტერორისტული ორგანიზაციების მთავარი მიზანი სწორედ იდეოლოგიური მოტივებით მოქალაქეთა რეკრუტირება, მათი საერთაშორისო ქსელში ჩართვაა. სახელმწიფო, მისი ყველა სეგმენტით, მიზანმიმართულად უნდა ზრუნავდეს მოწყვლადი რეგიონების მიმართ ეფექტური საგანმანათლებლო და ინტეგრაციული პოლიტიკის წარმოებაზე, რათა მოქალაქეთა გონებას მცდარი, მავნე, ძალადობრივი იდეოლოგიები ვერ დაეპატრონოს.
– საერთაშორისო ორგანიზაციების არაერთი კვლევა არსებობს, სადაც საქართველო ტერორიზმის მხრივ უსაფრთხო ქვეყნების სიაშია შეყვანილი, როგორ ფიქრობთ რა მექანიზმების შედეგად მიაღწია საქართველომ ამ შედეგს? რამდენად მნიშვნელოვანია საერთაშორისო ფორმატებში მუდმივი მუშაობა იმისთვის, რომ ტერორიზმთან ბრძოლა ლოკალურად არ მოხდეს და რა დამსახურებით მივაღწიეთ საერთაშორისო ორგანიზაციების მხრიდან ასეთი შეფასება?
– ტერორიზმის გლობალური ინდექსის მიხედვით, რომელიც ტერორიზმის პირდაპირ და არაპირდაპირ გავლენებს ასახავს, მათ შორის სიკვდილიანობას, მოქალაქეთა ჯანმრთელობისა და საკუთრების დაზიანებას, ასევე, მოსახლეობის განწყობასა და მოლოდინს, 2016 წელს, 2.11 ქულით, საქართველო უსაფრთხო სახელმწიფოთა კატეგორიაშია. აღსანიშნავია, რომ ამ რეიტინგის მიხედვით, საქართველო მეტად უსაფრთხოდ ითვლება, ვიდრე საფრანგეთი, დიდი ბრიტანეთი, გერმანია, ისრაელი – სახელმწიფოები, რომელთა კონტრტერორისტული შესაძლებლობები გაცილებით აღემატება საქართველოსას. შეგვიძლია დავასკვნათ, რომ საქმე არა კონტრტერორისტული მექანიზმების ეფექტურ იმპლემენტაციასთან, არამედ გლობალურ კონტექსტთან გვაქვს. რამდენადაც ტერორიზმის უპირველესი მიზანი ტოტალური შიშის დათესვა, ძალის დემონსტრირება და მაქსიმალური რეზონანსის გამოწვევაა, ტერორისტების სამიზნე, ძირითად შემთხვევებში, მსოფლიოს წამყვან სახელმწიფოთა დედაქალაქებია. ამასთან ერთად, საქმე გვაქვს მსოფლმხედველობრივ, იდეოლოგიურ დაპირისპირებასთან, ფუნდამენტალიზმს, რადიკალიზმს, ძალადობასა და თავისუფალ, დემოკრატიულ, ცივილიზებულ სამყაროს შორის. ტერორისტული ორგანიზაციების მიზანია, დაამხონ თავისუფლებისა და დემოკრატიის ბასტიონები მსოფლიოში, რომელთა სიმბოლიზაციას ვაშინგტონი, ნიუ – იორკი, პარიზი, ბერლინი, ლონდონი, ბრიუსელი წარმოადგენს. სწორედ ამიტომ არის მათი პირველადი სამიზნე შეერთებული შტატებისა და ევროპის მეგაპოლისები.
– ბრძოლა მარტო ცალმხრივად არ შეიძლება მხოლოდ ხელისუფლების ძალისხმევა არ არის საკმარისი. რამდენად მნიშვნელოვანია საზოგადოების ჩართულობა და რამდენად მაღალია საზოგადოების, მედიის ცნობიერების დონე იმისთვის, რომ აღნიშნული პრობლემის მიმართ არსებობდეს ჯანსაღი მიდგომები და სწორი ანალიზი მოხდეს ყველა პრობლემური თემის? წეღან ისაუბრეთ განათლების ინსტრუმენტზე….ამ კუთხით რა შეიძლება გააკეთოს სახელმწიფომ იმისთვის, რომ მეტი მზაობა იყოს საზოგადოების მხრიდან?
-როდესაც განათლების ინსტრუმენტების მეშვეობით რადიკალიზაციის პრევენციაზე ვსაუბრობთ, მნიშვნელოვანია განვმარტოთ, რომ ეს ეხება არა მხოლოდ სახელმწიფო სტრუქტურებს, არამედ სრულიად საზოგადოებას, მის ყველა შრეს, სამოქალაქო სექტორსა და მედიას. რადიკალიზმი და ექსტრემიზმი საფრთხეს უქმნის ქართულ სახელმწიფოს, საქართველოს მოქალაქეებს და არა ხელისუფლებას, რომელსაც, რა თქმა უნდა, გააჩნია მოქალაქეთა დაცვის პოზიტიური, პირველადი ვალდებულება. თუმცა ტერორიზმთან ბრძოლის პროცესში, ცნობიერების ზრდისა და ექსტრემალურ სიტუაციებში საზოგადოებრივი მდგრადობის შენარჩუნებისათვის აუცილებელია ზემოთჩამოთვლილი სეგმენტების ჰარმონიზებული, კვალიფიციური მოქმედება. გაბრიელ სალოსის გამზირზე ჩატარებული სპეციალური ოპერაციის დროს, აღნიშნული პრობლემა განსაკუთრებით მწვავედ გამოჩნდა. სახელმწიფო არ აღმოჩნდა მზად, მოეხდინა მოსახლეობის ადეკვატური ინფორმირება მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით, ხოლო მედია კრიტიკის ქარცეცხლში გაეხვია. ჩვენ არ გვაქვს მსგავს სიტუაციებში მოქმედების გამოცდილება. სახელმწიფომ უნდა შეიმუშაოს და მოქმედებაში მოიყვანოს განათლების სპეციალური ინსტრუმენტები რელევანტური რეგიონებისათვის. საქართველოში რადიკალური ისლამის გავრცელების საფრთხეს, უსაფრთხოების კომპონენტთან ერთად, უნდა დაემატოს რბილი მექანიზმები, რომელთა მოქმედებაც, ხანგრძლივვადიან პერსპექტივაში, უზრუნველყოფს რადიკალიზაციის პრევენციას. საქართველოს სახელმწიფო მოდერნიზაციის ინსტიტუტი უკვე მუშაობს 5-პუნქტიან კომპლექსურ გეგმაზე, რომელსაც უახლოეს კვირებში გააცნობს ყველა მნიშვნელოვან აქტორს.