ტერორიზმის ეკონომიკა – რატი აბულაძე
თანამედროვე მშვიდობიანი მსოფლიოს გამოწვევას წარმოადგენს ტერორიზმი, რომლის ეკონომიკური გავლენა ძვირადღირებული შედეგებისაა.
აღსანიშნია, რომ მიზეზშედეგობრივი კავშირი არსებობს ტერორისტულ ინციდენტებსა და ეკონომიკის ზრდის შემცირებას შორის. კვლევები ადასტურებს, რომ ტერორიზმი:
- გავლენას ახდენს სახელმწიფოს რეპუტაციასა და ნდობაზე;
- გავლენას ახდენს ბიზნეს გარემოსა და საფინანსო ბაზრებზე;
- იწვევს სიცოცხლის ხელყოფას, ფსიქოლოგიური ტრამვებს;
- იწვევს დანაკარგებს, ზარალს, საკუთრების დაზიანებას;
- ქმნის სახელმწიფოს დასუსტების პირობას, ეკონომიკური, პოლიტიკური, ფსიქოლოგიური გავლენით;
- ზრდის პოლიტიკურ რისკებსა და სკეპტიციზმს;
- ზრდის სახელმწიფო ხარჯებს (უსაფრთხოების, სამედიცინო, რეაბილიტაციის, ზიანის ანაზღაურების მიზნით).
განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვეყნებს უწევს უსაფრთხო ქვეყნის იმიჯის მტკიცება, ხოლო განვითარებული ეკონომიკის მქონე ქვეყნებს დამკიცებული აქვთ. შესაბამისად, განვითარებადი ეკონომიკის მქონე ქვენების სპეციფიკური სექტორები უფრო მეტად რეაგირებს ტერორისტულ ინციდენტებზე. აღსანიშნია, რომ ტერორიზმის მიმართ ყველაზე მოწყვლადია სწორედ ტურიზმი და დაზღვევა.
ტურისტულ ობიექტებზე თავდასხმის საშიშროების ფონზე (აეროპორტები, სასტუმრო, ღირშესანიშნაობები, ტურისტული ტრანსპორტი) ტურისტი ითვალისწინებს რისკებს, რაც ცვლის მის გეგმებს და გავლენას ახდენს მოკლევადიან თუ გრძელვადიან ტურისტულ გეგმებზე. ჯამში, მცირდება ტურიზმის ეკონომიკა.
კვლევები ცხადყოფს, რომ ტრანსნაციონალური ტერორისტული თავდასხმების შედეგად ტურიზმის ბაზარმა მნიშვნელოვანი დანაკარგები განიცადა საბერძნეთში, თურქეთში, ისრაელში. ტერორიზმის შედეგად ევროპის ბაზარმა მხოლოდ ამერიკელი ვიზიტორების ხარჯზე დაკარგა 105 მლრდ დოლარი (ვიზიტორების 60%-მა ჯავშანი გააუქმა).
მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ ტერორისტული ინციდენტები გავლენას ახდენს ბიზნეს სექტორზე, რადგან:
- ამცირებს მწარმოებლურობას, მოგებას, საქმიან და სამომხმარებლო აქტივობას;
- ზრდის უსაფრთხოების ხარჯებს, ბიზნესის წარმოების ხარჯებს (უფრო მაღალი სადაზღვევო პრემიის თვალსაზრისით, რისკის ზონებში თანამშომელთა მაღალი ანაზღაურების კუთხით);
- ძვირადღირებულს ხდის უსაფრთხოების ზომებს;
- ამცირებს პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებს და ზრდის ინვესტირების შიშს. გავლენას ახდენს გრძელვადიან პროექტებსა და გარიგებებზე, სამომხმარებლო და საქმიან ნდობაზე;
- იწვევს ინფრასტრუქტურის განადგურებას, ამცირებს ვაჭრობას. სახელმწიფოს საინვესტიციო ფონდებიდან თანხების გადამისამრთება უსაფრთხოებაზე;
- იწვევს კაპიტალის გადინებას;
- რეზონანს ახდენს მთელ რეგიონზე.
გლობალური კვლევებით გლობალური ძალადობა ფასდება 14.3 ტრლნ დოლარით, რაც შეადგენს გლობალური მშპ-ის 12.6%-ს (visionofhumanity.org). სადაც, ტერორიზმის გლობალური ეკონომიკური დანაკარგები 84 მლრდ დოლარს აღწევს (2016 წელს, statista.com).
არსებითია აღინიშნოს, რომ 1970-2007 წწ-ში მოქმედი 586 ტერორისტული ჯგუფიდან 36% კვლავ აქტიურია (აქტიური კონტრტერორისტული მიდგომების მიუხედავად, visionofhumanity.org).
გასულ წელს ერაყში ტერორიზმის ეკონომიკურმა ზიანმა შეადგინა მშპ-ის 24%, ავღანეთში – მშპ-ის 13%. სამხრეთ სუდანი – 9%. სირია – 6%, ლიბია -3%, იემენი – 2%, თურქეთი- 1% (statista.com).
შთამბეჭდავია ხაზი გაესვას, რომ უსაფრთხოების კუთხით საქართველო ერთ-ერთ მოწინავე პოზიციას იკავებს სხვადასხვა რეიტინგში. თუმცა, გლობალური საფრთხეების პრევენციისა და გრძელვადიან პერსპექტივაში მშვიდობის განმტკიცების მიზნით საჭიროა ქვეყანაში შეიქმნას უშიშროების სამინისტრო.
ბლოგის ავტორი: რატი აბულაძე
ეკონომიკის დოქტორი, პროფესორი
ელექტრონული მმართველობის კვლევითი აკადემიის (EGRA) დამფუძნებელი