“არ გამოტოვოთ დაგეგმილი ღონისძიებები” – ,,ბოლნისქალაქობა 2017“ თქვენი დღესასწაულია
ბოლნისის მუნიციპალიტეტი საქართველოში გერმანიის საელჩოს მხარდაჭერით ,,ბოლნისქალაქობა 2017“-ს აღნიშნავს.
ღონისძიებები საქართველოში გერმანელი კოლონისტების ჩამოსახლების 200 წლის იუბილეს მიეძღვნება. დღესასწაული 7-8 ოქტომბერს გაიმართება.
ორდღიანი ღონისძიებები დატვირთული იქნება, როგორც კულტურული, სპორტული და საბავშვო ღონისძიებებით, ასევე საინტერესო პრეზენტაციებით. სახალხო ზეიმს 11:30 საათზე ისტორიულ უბანში (სააკაძის ქუჩაზე) ოფიციალურად ქვემო ქართლის სახელმწიფო რწმუნებული-გუბერნატორი გრიგოლ ნემსაძე, ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოვალეობის შემსრულებელი ბუბა გობეჯიშვილი და გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის ელჩი ჰაიკე ფაიჩი გახსნიან. 7 ოქტომბერს, სახალხო დღესასწაულის საზეიმო გახსნაზე გერმანიის სამხედრო ორკესტრი მსვლელობას ბოლნისის ქუჩებში მოაწყობს, შემდეგ კი ყოფილი ევანგელისტური ეკლესიის წინ ცნობილ მარშებს, ასევე სვინგის, ჯაზის მელოდიებსა და კინომუსიკას შეასრულებს. 7 ოქტომბერს მთელი დღის განმავლობაში ქართველი და გერმანელი ხელოვანები წარმოადგენენ თეატრალურ დადგმებს, გამართავენ კონცერტებს და მოაწყობენ გამოფენებს.
ღონისძიების პროგრამის ფარგლებში ქართული ახალგაზრდული გუნდი „თუთარჩელა“ წარმოადგენს, რომელსაც გერმანიის საელჩო საქართველო-გერმანიის წლის ფარგლებში სპეციალური პროექტის ფარგლებში აფინანსებს. „თუთარჩელა“ ბოლნისის კულტურის სახლის სცენაზე პროგრამას „სიყვარული ყველაფერია“ წარმოადგენს და მოიცავს გერმანულ მუსიკას ბახიდან რამშტაინამდე.
ბოლნისის ისტორიულ უბანში ასევე გელით ტრადიციული მუსიკის მიმართულების კონცერტი, რომლის დასრულებისთანავე ბოლნისის საპატიო მოქალაქეების დაჯილდოების ცერემონია გაიმართება. ბავშვებსა და ახალგაზრდებს მთელი დღის განმავლობაში ექნებათ საშუალება, სხვადასხვა თამაშში მონაწილეობა მიიღონ.
7 ოქტომბრის ღონისძიებებს ჯგუფ ,,REGGAEON”-ის გალა კონცერტი დააგვირგვინებს.
საზეიმო ღონისძიებები დატვირთულია 8 ოქტომბერსაც. პროგრამის ფარგლებში მოხდება რამდენიმე მემორიალური დაფის გახსნა. ეპისკოპოსი ჰანს-იოახიმ კიდერლენი გერმანელი კოლონისტების მოსახსენიებლად ღვთისმსახურებას აღასრულებს. სამხრეთ კავკასიაში გერმანული კულტურული მემკვიდრეობის დაცვის კავშირი კოლონისტების გერმანიიდან ჩამოსულ შთამომავლებთან ერთად ფორუმს გამართავს, რომელზეც საუბარი კოლონისტების ისტორიაზე, გამოცდილებაზე, ტრადიციებსა და სამშობლოზე იქნება. ფორუმზე ასევე ნაჩვენები იქნება გერმანული მაუწყებლის „Südwestfunk“-ის ფილმი „სოფლები ევროპაში: კატარინენფელდი“.
დღის მეორე ნახევარში ბოლნისის მკვიდრის, პეტრე დანელიას წიგნის პრეზენტაცია „ბოვნისი ეკატერინენფელდი ლუქსემბურგი ბოლნისი“ გაიმართება, რის შემდეგაც ბოლნისის მუნიციპალური თეატრი ამავე ნაწარმოების მიხედვით დადგმული სპექტაკლის პრემიერას წამოადგენს.