“თეთრიწყაროს მოსამართლის საპირწონედ დგას 22 მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც სხვანაირად ხედავს საკითხს” – პაპუაშვილი

“თეთრიწყაროს მოსამართლის საპირწონედ დგას 22 მოსამართლის გადაწყვეტილება, რომელიც სხვანაირად ხედავს საკითხს” – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რითაც

თეთრიწყაროს სასამართლოს მოსამართლის, ვლადიმერ ხუჭუას გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„იცით, რომ საია იყო ფარულობის დარღვევაზე მომჩივანი. ხაზი უნდა გაესვას ერთ რამეს, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით არცერთი საჩივარი არჩევნების დღეს არ დაწერილა, იმ დღეს რაიმე განცხადებები არ მოგვისმენია, არჩევნებიდან მხოლოდ მეხუთე დღეს გაახსენდა. საია-მ გაასაჩივრა ზოგადად ყველა უბანი, ყველა საოლქო კომისიაში და სასამართლოში, ისე, რომ რაიმე კონკრეტული დარღვევა არ დაუფიქსირებია, მათ შორის არც სასამართლო პროცესზე, ზოგადად გაასაჩივრეს ყველგან. 23-მა მოსამართლემ განიხილა ეს საჩივარი სხვადასხვა რაიონში. 22-მა ჩათვალა, რომ არ იყო ფარულობა დარღვეული, ერთმა მოსამართლემ გუშინ ჩათვალა, რომ ფარულობა იყო დარღვეული. ამის შემდეგ, ეს 23-ვე წავა სააპელაციო სასამართლოში და სასამართლო მიიღებს უკვე საბოლოო გადაწყვეტილებას.

ის, რომ ერთმა მოსამართლემ ასე განმარტა ეს საკითხი, ამის საპირწონედ დგას 22 მოსამართლე და 22 გადაწყვეტილება, რომელიც სხვანაირად ხედავს საკითხს. სიმართლე გითხრათ, ამის უკან დგას ასევე საღი აზრი. თუკი მივყვებით ჩვენ ამ ლოგიკას, რომ ასეთი რამ ითვლება ფარულობის დარღვევად, მაშინ გასაუქმებელია მოლდოვის პრეზიდენტის არჩევნები, ლიეტუვის პარლამენტის არჩევნები, პოლონეთის და ბევრი სხვა ქვეყნის არჩევნები, სადაც პირდაპირ ვხედავთ, რომ არც კონვერტია გამოყენებული, შემოხაზული ბიულეტენიც ჩვეულებრივად გამოაქვთ და აგდებენ ნახევრად გამჭვირვალე ყუთში, სადაც ჩანს, რა არჩევანი გააკეთა ამომრჩეველმა“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

„საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ ინფორმაციით, თეთრიწყაროს სასამართლომ ხმის ფარულობის დარღვევა დაადასტურა და მოსამართლე ვლადიმერ ხუჭუამ საია-ს სარჩელი დააკმაყოფილა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები