„ბედნიერება წვრილმანებშია“ – როგორ მოქარგა ფიროსმანის „მეეზოვე“ ნანა გელაშვილმა

 სამეგრელოში გაატარა ბავშვობა. ქსოვა ბავშვობის ასაკში ისწავლა. მოგვიანებით მხატვრულ ქარგვა (წყლით ქარგვა), შემდეგ ლენტებით ქარგვას დაეუფლა, რომელმაც გაიტაცა…  მიხვდა, რომ ქარგვა მისი მოწოდება იყო. ამბობს, რომ ნაქარგები ბედნიერებას ანიჭებს და სამომავლოდ პერსონალური გამოფენის გამართვას გეგმავს. ნანა გელაშვილის პერსონა.

– წარმოშობით სამეგრელოდან, მარტვილის რაიონიდან ვარ. სკოლაც მარტვილის რაიონში, აბედათში დავამთავრე. ჩემი ბავშვობის წლებმაც იქ გაიარა. მახსოვს ზამთრის გრძელი ღამეები, ბებია რომ წინდებს გვიქსოვდა, მერე დედაც ჩაერთო და გვიქსოვდა ტანსაცმელებს. ვუყურებდი მის ხელებს და ვოცნებობდი, როდის გავიმეორებდი  მეც იგივეს. ქსოვა მართლა ბავშვობის ასაკში ვისწავლე, სტუდენტობის წლებში,  ჩემთვის ყველაფერს ვიქსოვდი.
სკოლაშიც ბეჯითი მოსწავლე ვიყავი. ხელსაქმეს ჩემთვის ხელი არ შეუშლია, პირიქით, მომწონდა ჩემი საქმიანობა. მაგრამ ისე მოხდა, რომ პედაგოგიურზე ჩავაბარე, თუმცა ჩემი მოწოდება არ ყოფილა.
– როდის დაიწყეთ ქარგვა და რა იყო პირველი ნამუშევრები? 
– სწავლის პარალელურად ვმუშაობდი. ერთხელაც, თანამშრომელთან ვიყავი სახლში და ვნახე მის მიერ მოქარგული სურათი. ამის მერე დავკარგე მოსვენება, სულ მინდოდა, მეც მომექარგა რამე და ქარგვა ვისწავლე ჩემით.
–  ლენტებით და სხვა ტექნიკით შესრულებული ნამუშევრები გაქვთ. სულ რამდენი ნამუშევარი გააკეთეთ?
– ქსოვის მერე პირველად ვისწავლე მხატვრული ქარგვა (წყლით ქარგვა).  უამრავი ნამუშევარი შევასრულე ამ ტექნიკით. შემდეგ ჯვარედინი ქარგვა დავიწყე, მერე გამიტაცა გობელენმა. მოვქსოვე ხალიჩაც, მერე გადავერთე ლენტებზე, რომელმაც ძალიან გამიტაცა და ასე მგონია, ჩემი სულის საზრდო ეგაა.
ვფიქრობ, ჩემი პროფესია ზუსტად ეს ყოფილა. სახლში 150 ნაქარგი მაქვს, ასზე მეტი გავაჩუქე და გაიყიდა.
– თქვენს ნამუშევრებში ყვავილების თაიგულები ჭარბობს. რატომ? რომელი ყვავილი გიყვართ?
– ყვავილები ძალიან მიყვარს. ვერცერთს ვერ გამოვარჩევ, ყველა თავისებურად ლამაზია. ვუღებ სურათებს და ქარგვის დროს ვიყენებ კონტურებისთვის, მიმართულებებისთვის, ფორმებისთვის.
– როგორ მოქარგეთ ფიროსმანის „მეეზოვე“…
– ფიროსმანის „მეეზოვე“ ნამდვილი მეეზოვის ინსპირაციით მოვქარგე. სტუდენტობის პერიოდში, სახლის ფანჯრიდან ვუყურებდი ერთსა და იგივე მეეზოვეს, რომელიც ძალიან ჩამრჩა გონებაში. შემდეგ, ფიროსმანის „მეეზოვე“ გადმოვიტანე ტილოზე კონტურებით და მოვქარგე.
– ოჯახი. გყავთ შვილი, რომელიც ქარგავს…
– მყავს გოგონა მერი გელაშვილი, სტუდენტია და თან მუშაობს. მას ქარგვა მე შევაყვარე და მისი ნამუშევრები ძალიან ლამაზია. მეუღლე  ნიკოლოზ გელაშვილი ბორჯომიდან  იყო.  მეუღლის გვარზე ვარ, ჩემი გვარია მიქავა, სკოლის დამთავრების მერე ვცხოვრობ თბილისში, მეუღლეც აქ გავიცანი. ერთად დავიწყეთ მუშაობა „თბილავიამშენში“, ისიც სტუდენტი იყო.
– ბედნიერება?
– ბედნიერებას არ შეიძლება ჰქონდეს კონკრეტული განმარტება. ის, როგორც ამბობენ – წვრილმანებშია. ჩემი ნაქარგები ბედნიერებას მანიჭებს.
–  რომელი ფერი გიყვართ?
– განსაკუთრებულად მიყვარს მწვანე ფერი, თუმცა, ფერებს ვერ განვასხვავებ, ყველა თავისებურად ლამაზია.
– მუშაობთ „დელტაში“. როგორ უთავსებთ სამსახურს და ხელსაქმეს ერთმანეთს?
– „დელტაში“ ოპერატორის პოზიციაზე ვმუშაობ. ჩემი სამსახური ძალიან მიყვარს, 30 – წლიანი სტაჟი მაქვს. საერთოდ არ მიშლის ხელს ქარგვაში. თუ რამის კეთება გინდა, დროს ყოველთვის გამონახავ.
– ძველად ოჯახში გოგონებს ხელსაქმეს ისედაც ასწავლიდნენ. როგორ ფიქრობთ, რამდენად აუცილებელია, დღესაც ყველა ოჯახში ხელსაქმე იცოდნენ?
– აუცილებელი არაა, თუმცა, სასურველია, რადგან ხელსაქმე ერთგვარი ხელოვნებაა და, არა მგონია, თუ ვინმე ერთხელ მაინც დაინტერესდება, მიატოვოს და აღარ მიუბრუნდეს.
– სამომავლო გეგმები…
– შეიძლება ხმამაღალი ნათქვამია, მაგრამ, პერსონალური გამოფენის მოწყობის სურვილი მაქვს. ჩემი ნამუშევრების დიდი ნაწილი გავაჩუქე, რაც დამრჩა, მინდა, ხალხს გავუზიარო.

თამარ შაიშმელაშვილი

 

 

 

 

 

   

       

 

         

  

   

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები