სოფელ ცაიშში სადრენაჟე სისტემის წმენდით სამუშაოები მიმდინარეობს
სოფლის მეურნეობის სამინისტროს შპს „საქართველოს მელიორაცია“ ზუგდიდის მუნიციპალიტეტის სოფ.ცაიშში სადრენაჟე სისტემის წმენდით სამუშაოებს ატარებს.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, ექსპლუატაციის ფარგლებში, ნატანი მასისგან გაიწმინდა და აღდგა 2-კილომეტრიანი მაგისტრალური არხი.
სამუშაოების დასრულების შედეგად, მუნიციპალიტეტში 35 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება. არხი უხვი ნალექის დროს დატბორვისგან 6 ჰექტარ საკარმიდამო მიწის ნაკვეთს და ცაიშის მონაკვეთზე სენაკი-თბილისის საგზაო მაგისტრალსაც დაიცავს.
სამუშაოები მიმდინარე წლის აგვისტოში დაიწყო და ოქტომბრის დასაწყისში დასრულდება.
2012-2017 წლებში სამეგრელო – ზემო სვანეთის რეგიონში, რეაბილიტაციისა და ექსპლუატაციის ფარგლებში, ჯამში, 894,4 კმ სადრენაჟე არხი გაიწმინდა და მოწესრიგდა, შეკეთდა 217 ერთეული სხვადასხვა ტიპის ჰიდროტექნიკური ნაგებობა, 1 სათავე და 1 სატუმბი სადგური.