სლოვაკეთის პრეზიდენტმა უკრაინის ჯარში მსახურების თაობაზე მოქალაქეების მოთხოვნა არ დააკმაყოფილა
სლოვაკეთის პრეზიდენტმა, პიტერ პელეგრინიმ არ დააკმაყოფილა სლოვაკეთის ოთხი მოქალაქის მოთხოვნა უკრაინის ჯარში მსახურების თაობაზე, რომელიც მან მიმდინარე წლის ივნისში თანამდებობის დაკავების შემდეგ მიიღო. ამის შესახებ ინფორმაციას სლოვაკეთის პრეზიდენტის კანცელარია ავრცელებს.
მანამდე სლოვაკეთის ყოფილმა პრეზიდენტმა, ზუზანა ჩაპუტოვამ, რომელიც ამ თანამდებობას 2022 წლის თებერვალში, რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრის დაწყების მომენტში იკავებდა, სლოვაკეთის რამდენიმე მოქალაქის უკრაინის არმიაში სამსახურის მოთხოვნა დააკმაყოფილა.
სლოვაკეთში პრეზიდენტის თანხმობის გარეშე უცხოურ ჯარში მსახურება სისხლის სამართლის დანაშაულია, რომელიც ისჯება თავისუფლების აღკვეთით.
საპრეზიდენტო კამპანიის დროს პელეგრინიმ მხარი დაუჭირა ამჟამინდელი პრემიერ-მინისტრის, რობერტ ფიცოს პოზიციას სახელმწიფო რეზერვიდან უკრაინისათვის იარაღის მიწოდების შეწყვეტის შესახებ.