აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების გამოფენა ბათუმში
ბათუმში აგრო-სასურსათო პროდუქციის და ტექნოლოგიების მე-7 საერთაშორისო გამოფენა „Agro Batumi 2017″ გაიხსნა. გამოფენას აჭარის მთავრობის თავმჯდომარე ზურაბ პატარაძე და ბათუმის მერი გიორგი ერმაკოვი აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ესწრებოდნენ. ისინი გამოფენის მონაწილეებს გაესაუბრნენ და წარმოდგენილ პროდუქციას ადგილზე გაეცნენ.
ზურაბ პატარაძის თქმით, მსგავსი დარგობრივი გამოფენები ხელს უწყობს ადგილობრივი პროდუქციის პოპულარიზაციას, ასევე, ფერმერებსა და კომპანიებს შორის საქმიანი ურთიერთობების დამყარებას.
აგრო-სასურსათო პროდუქციისა და ტექნოლოგიების გამოფენაში წელს ადგილობრივ კომპანიებთან ერთად თურქული, ირანული და უკრაინული კომპანიები მონაწილეობენ.
„Agro Batumi 2017″ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის, სოფლის მეურნეობის სამინისტროს, ბათუმის მერიის, ა (ა) იპ აგროსერვის ცენტრის, აჭარის სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს საერთაშორისო ინვესტორთა ასოციაციის თანაორგანიზატორობითა და მხარდაჭერით იმართება.
ბათუმის ყინულის სასახლე საერთაშორისო გამოფენას სამი დღის განმავლობაში უმასპინძლებს.