გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთი სოფლის 24-საათიანი წყალმომარაგებისთვის სამუშაოები დაიწყო

გარდაბნის მუნიციპალიტეტში წყალმომარაგების სისტემის მოწყობის სამუშაოების პირველი ეტაპი დაწყებულია. პროექტი რამდენიმე ეტაპს ითვალისწინებს, რომლის დასრულების შემდეგ, გარდაბნის მუნიციპალიტეტის ხუთ სოფელს: ახალსოფელს, ნორიოს, ვაზიანს, ახალ სამგორს და მარტყოფს 24-საათიანი წყალმომარაგება ექნება. მიმდინარე სამუშაოებს, რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე, გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანიის დირექტორთან გიორგი კობერიძესთან და მხარის გუბერნატორთან გიგა ნემსაძესთან ერთად გაეცნო. აღნიშნული სოფლების 30 000 მცხოვრებელს წყალმომარაგების პრობლემა წლებია აწუხებს.
არსებული რეზერვუარები ავარიულ და ამორტიზებულ მდგომარეობაშია. პირველი ეტაპის სამუშაოები ითვალისწინებს, ნაწილობრივ სათავე ნაგებობის-სატუმბი სადგურის, შემკრები რეზერვუარის, დამცავი კედლის, ჭაბურღილების და კოლექტორის მოწყობას. ამასთანავე, გაკეთდება საქლორატორო და მაგისტრალური წყალსადენი. პროექტი გარდაბნის მუნიციპალიტეტის დაკვეთით ხორციელდება, რომლის ჯამური ღირებულება 22 მილიონ ლარს შეადგენს. სამუშაოების პირველი ეტაპი, რომლისთვისაც ადგილობრივი ბიუჯეტიდან 8 მილიონი ლარია გამოყოფილი მიმდინარე წლის ბოლოს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები