დაბა კაზრეთის N1 საჯარო სკოლაში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნა
არასამთავრობო ორგანიზაცია „ასოციაცია ანიკასა” და „გადავარჩინოთ ბავშვების” საქართველოს წარმომადგენლობის ორგანიზებით, დაბა კაზრეთში შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი გაიხსნა. ბოლნისის მუნიციპალიტეტის ინფორმაციით, პროექტის ფარგლებში, დაბა კაზრეთის N 1 საჯარო სკოლაში არსებული სივრცის ადაპტირება და კეთილმოწყობა ბავშვების საჭიროების გათვალისწინებით მოხდა. დღის ცენტრი 6-18 წლამდე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებსა და მათ მშობლებს მულტი დისციპლინარულ მიდგომას და მაღალი კვალიფიკაციის მქონე სპეციალისტების მომსახურებას: კოგნიტური, აკადემიური, სოციალური და ფუნქციური უნარების განვითარების ხელშეწყობასა და სხვა მომსახურებებს სთავაზობს.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა დღის ცენტრი პროექტის – ,,თემზე დაფუძნებული მომსახურების განვითარება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვებისთვის” ფარგლებში გაიხსნა. „ასოციაცია ანიკა” დაფუძნებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვთა მშობლების მიერ და 20 წელია აქტიურად მუშობს შშმ ბავშვებისა და მათი ოჯახების უფლებების დაცვის საკითხებზე. დღის ცენტრის გახსნას დონორი ორგანიზაციების წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი თვითმმართველობის, ბოლნისის საგანმანათლებლო რესურს ცენტრისა და კომპანია ,,არემჯის” წარმომადგენლები ესწრებოდნენ.