მარჩენალდაკარგულები და დევნილი ვეტერანები ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებენ

სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით, უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ოჯახები, მარჩენალდაკარგულები და დევნილი ვეტერანები ბოლნისის მუნიციპალიტეტისგან ერთჯერად მატერიალურ დახმარებას მიიღებენ.
48 ოჯახს წელს პირად ანგარიშზე 500 ლარი ჩაერიცხება. სოხუმის დაცემის დღე საქართველოს უახლეს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ტკივილიანი დღეა. ომი, რომელმაც 15 ათასი ქართველის სიცოცხლე შეიწირა და 300 000 დევნილად აქცია 13 თვესა და 13 დღეს გაგრძელდა. სოხუმის დაცემის დღეს რუსმა ოკუპანტებმა და აფხაზმა სეპარატისტებმა აფხაზეთის უზენაესი საბჭოს თავმჯდომარე ჟიული შარტავა 30-მდე ქართველთან ერთად დახვრიტეს.
27 სექტემბერს დაეცა სოხუმი, 29 სექტემბერს ოჩამჩირე, ხოლო 30 სექტემბერს გალი, რითაც აფხაზეთი სეპარატისტების ხელში გადავიდა. აფხაზეთის ომში ჩვენი მუნიციპალიტეტიდან 281 მეომარი იბრძოდა, მათგან 10 ომში გმირულად დაეცა, 14 კი დღემდე დაკარგულად ითვლება. საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისთვის წარმოებულ ომებში დაღუპულთა და უგზო-უკვლოდ დაკარგულთა ხსოვნის მემორიალი დღეს ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის თანამშრომლებმა გვირგვინით შეამკეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები