„ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში, ბოლნისში ახალი შემნახველი მეურნეობა გაიხსნა

თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი სასოფლო-სამეურნე პროდუქციის შემნახველი საწარმო – შპს „მზიანი მოსავალი“, რომელიც „ერთიანი აგროპროექტის“ ფარგლებში შეიქმნა, დღეს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოს დირექტორმა, მამუკა კვარაცხელიამ ქვემო ქართლის გუბერნატორის მოადგილე ალექსანდრე მეტრეველთან ერთად გახსნა. „მზიანი მოსავლის“ შემნახველ მეურნეობაში წლიურად, ერთდროულად, 2000 ტონა სხვადასხვა ბოსტნეული კულტურის განთავსება იქნება შესაძლებელი.
საწარმოში 25 ადამიანია დასაქმებული. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინფორმაციით, კომპანია „სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტის“ ბენეფიციარია. საწარმოში ჯამურად 660 388 აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდა, აქედან, 250 000 აშშ დოლარი გრანტია, ხოლო 330 194 აშშ დოლარი შეღავათიანი აგროკრედიტი. აღსანიშნავია, რომ 2018 წელს კომპანია სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტოსა და USAID/REAP-ის მხარდაჭერით, საერთაშორისო სტანდარტის HACCP აღებასაც გეგმავს. საერთაშორისო სტანდარტის საერთო ღირებულებიდან 30% ბენეფიციარს სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო დაუფინანსებს, 50%-ის დაფინანსებას USAID/REAP განახორციელებს, ხოლო დარჩენილი 20%-ის გადახდას ბენეფიციარი თავად უზრუნველყოფს.
2013 წლიდან, სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო სხვადასხვა პროექტს ახალი საწარმოების შექმნის მიზნით ახორციელებს. პროექტების ფარგლებში, შეღავათიანი სესხები როგორც ახალი საწარმოების შექმნისთვის, ასევე, უკვე არსებულის გაფართოებისთვის გაიცემა. ამ ეტაპზე, პროექტის ფარგლებში, უკვე დაფინანსდა 750-ზე მეტი მოქმედი და 162 ახალი საწარმო. სახელმწიფოს მხრიდან ფინანსურმა მხარდაჭერამ მეწარმეებს წარმოების განვითარება-გაფართოებისთვის დამატებითი ბიძგი მისცა. სოფლის მეურნეობის პროექტების მართვის სააგენტო, აწარმოე საქართველო-ბიზნესის ფარგლებში, ახორციელებს „ერთიან აგროპროექტს“, რომელიც გათვლილია გრძელვადიან განვითარებაზე და მისი მიზანია, ხელი შეუწყოს სოფლის მეურნეობის დარგში კონკურენტუნარიანობის ამაღლებას, მაღალხარისხიანი პროდუქციის წარმოების სტაბილურ ზრდას, სურსათის უვნებლობის და სასურსათო უსაფრთხოების უზრუნველყოფას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები