დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა
დასუფთავების საერთაშორისო კამპანიას ,,დავასუფთავოთ მსოფლიო – დავასუფთავოთ საქართველო” ბოლნისის მუნიციპალიტეტიც შეუერთდა. კომუნალური სამსახურის წარმომადგენლებთან ერთად ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგეობის სხვადასხვა სამსახურის თანამშრომლებმა მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი ყველაზე დიდი სოფელი ქვემო ბოლნისი დაასუფთავეს ნარჩენებისგან. ბოლნისის მუნიციპალიტეტში დასუფთავების აქციები სისტემატურად იმართება.
,,ბოლნისის მუნიციპალიტეტი, ტრადიციულად, ჩაერთო საერთაშორისო დასუფთავების კამპანიაში ,,დავასუფთავოთ მსოფლიო- დავასუფთავოთ საქართველო“. დღეს დილიდან ბოლნისის კომუნალურ სამსახურთან ერთად გამგეობის თანამშრომლებიც ჩაერთვნენ აქციაში და მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ ყველაზე დიდ სოფელში ვასუფთავებთ ტერიტორიას ნარჩენებისგან. ზოგადად, ბოლნისის მუნიციპალიტეტში ამ კუთხით მუდმივად ვატარებთ სამუშაოებს. წინასწარ შედგენილი გეგმა-გრაფიკის მიხედვით ჩვენ არაერთი სტიქიური ნაგავსაყრელი და ლოკაცია გავწმინდეთ. სუფთა გარემო და სუფთა მუნიციპალიტეტი ჩვენი პასუხისმგებლობაა”,- განაცხადა ბოლნისის მუნიციპალიტეტის გამგებლის პირველმა მოადგილემ, ბუბა გობეჯიშვილმა.