გიორგი მღებრიშვილმა არ გამორიცხა, რომ ხანძარი შესაძლოა, შეგნებულად იყოს გაჩენილი – „ბორჯომის ხეობაში უკეთესი ვითარებაა“

„დღევანდელი ვითარება არის უკეთესი, ვიდრე იყო წინა დღეებში, თუმცა ჯერჯერობით ნაადრევია საუბარი იმაზე, თუ როდის მოხდება ხანძრის ყველა კერის ჩაქრობა“, – ამის შესახებ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბორჯომში, საველე ოპერაციების ცენტრში განაცხადა.
“დღეს უკვე შემიძლია ვთქვა, რომ ძალიან კარგი მდგომარეობა გვაქვს იმასთან შედარებით, რაც გუშინ იყო. ქარი აბსოლუტურად არ არის, ჩამდგარია. ამინდი გვაძლევს იმის შესაძლებლობას, რომ ეფექტურად ვიმუშაოთ. ტექნიკა მუშაობს სრული დატვირთვით“.
გიორგი მღებრიშვილმა ასევე ისაუბრა ხანძრის შესაძლო გამომწვევ მიზეზებზეც. როგორც შს მინისტრმა განაცხადა, გამოძიება დაწყებულია ამ საკითხთან დაკავშირებით და ჯერჯერობით ნაადრევია დასკვნების გამოტანა, თუმცა მინისტრმა არ გამორიცხა, რომ ხანძარი შესაძლოა, შეგნებულად იყოს გაჩენილი.
ჟურნალისტის კითხვაზე, განიხილება თუ არა დივერსიის ვერსია, მღებრიშვილმა უპასუხა, რომ ის, როგორც პოლიციელი, არაფერს გამორიცხავს.
„სამაშველო პროცესში ჩართულია 5 ვერტმფრენი. ბელორუსული ვერტმფრენიც უკვე კოპიტნარშია. დაიმატებს საწვავს და შემოგვიერთდება. შემოგვიერთდნენ აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგები თავიანთი ტექნიკით. აზერბაიჯანის მხრიდან არის 11 ერთეული ტექნიკა ჩამოყვანილი, 13 ერთეული კი – სომხეთიდან. აქედან 4-4 მაღალი გამავლობის მანქანებია, რომლებსაც ტყეში მუშაობის პრობლემა არ აქვთ”, – განაცხადა მინისტმა.
მღებრიშვილმა ვერ დააკონკრეტა, მთლიანად, რა ტერიტორიაა დამწვარი, რადგან, როგორც მან აღნიშნა, ამ ეტაპზე, ამ საკითხზე ზუსტი ინფორმაცია არავის აქვს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები