პატრიარქი: ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია, ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს, ამიტომ ერთიორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი
“ადამიანთა გულები გაუცხოებული და გაციებულია. ათასგვარი საცდური ანაცვლებს რწმენას, ზნეობრივ ფასეულობებს, ოჯახს და საყვარელ ადამიანებს. ამიტომ ერთიორად მძიმეა ეკლესიის მწყემსმთავრობის ტვირთი”,- ამის შესახებ უწმინდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა შიო მესამემ სვეტიცხოვლის ტაძარში ინტრონიზაციის დასრულების შემდეგ განაცხადა.
მისივე თქმით, აუცილებელია მეტი ძალისხმევა, ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად და მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად.
„რთულია, სარწმუნო და გონიერი მონის მსგავსად, ღირსეულად გაუმკლავდე ამა სოფლის გამოწვევებს, მაგრამ აუცილებელია მეტი ძალისხმევა, ღვაწლი ქრისტეს რწმენის საქადაგებლად, მისი ცოცხალი სიტყვის ადამიანთა გულებამდე მისატანად. ამიტომ გვმართებს, თანაბრად გავიზიაროთ ხალხის სიხარულიც და ტკივილიც, ვემსახუროთ და საყრდენად ვექცეთ მათ, რადგან ეკლესიის ძალა მხოლოდ სიტყვაში არ არის. მისი მოწოდება ქრისტესმიერ სიყვარულსა და ერთმანეთის სიმძიმის ტვირთვაშია.
საჭიროა, ფართოდ გავუღოთ ეკლესიის კარი ყველას. მხოლოდ ტაძრის ამბიონთან ნუ დავუცდით მოყვასის მოსვლას. ტაძრის კედლებს მიღმაც შევეტკბოთ ჩვენს სულიერ შვილებს, რომლებიც ვინ იცის, უძღებ შვილთა მსგავსად, ვერ ბედავენ ჩვენამდე მოსვლას. სწორედ ამ მსახურებაში გამოიწრთობა ჩვენი სული, მოწოდება, რადგან უფალი გვასწავლის, რომელსა უნდეს თქვენ შორის დიდყოფა, იყოს თქვენდა მსახურ“, – აღნიშნა პატრიარქმა.