შიო მესამე: ამ წუთებში განსაკუთრებით ვგრძნობ, რაოდენ ეკლიანი და რთული იყო ჩვენი დიდი სულიერი მამის, ილია მეორის მწყემსმთავრობის გზა – როგორც მორჩილ და მოყვარულ შვილებს გვმართებს, მოვუფრთხილდეთ მის სულიერ მემკვიდრეობას
“ამ წუთებში განსაკუთრებით ვგრძნობ, რაოდენ ეკლიანი და რთული იყო ჩვენი დიდი სულიერი მამის, კათოლიკოს-პატრიარქ ილია მეორის მწყემსმთავრობის გზა. როგორც მორჩილ და მოყვარულ შვილებს გვმართებს, მოვუფრთხილდეთ მის სულიერ მემკვიდრეობას და გავაგრძელოთ მისი გზა, გზა ღმერთის, სამშობლოს და ადამიანის მსახურებისა”, – ამის შესახებ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, შიო მესამემ სვეტიცხოველში ქადაგებისას განაცხადა.
„ერთგულებით ვიშრომოთ ეკლესიისა და რწმენის განსამტკიცებლად, ხალხში სიყვარულის გასამრავლებლად, ერთობისა და მშვიდობის დასამკვიდრებლად. დღეს თქვენ წინაშე მდგარი კიდევ ერთხელ ვიხსენებ ჩვენი ეკლესიის და ერის ღვთივკურთხეულ წარსულს, მის მფარველ წმინდანებს, გმირ წინაპრებს, წმინდა მეფე-დედოფლებს და კიდევ უფრო ძალუმად მიპყრობს ჩემი სიმწირის და ადამიანური უძლურების განცდა. შეუძლებელია, უფლის განზრახვის ამოცნობა და განგებულების ამოცნობა, პასუხის მოძიება კითხვაზე, რატომ დაუშვა ღმერთმა, რატომ ინება ასეთი დიდი მადლის და მსახურების ტვირთვა ჩემზე, თუმცა კი გაცნობიერებული მაქვს მისი პატივიც, სიდიადეც და სიმძიმეც. ვსასოებ ყოვლადმოწყალე უფალს, ყოვლადწმინდა ღვთისმშობელს, წმინდა ანდრია მოციქულს და მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდათა დასს, ღირს შიო მღვიმელს, ღირს ალექსი სენაკელს (შუშანია), ვმადლობ მათ და ვთხოვ შეწევნას და კურთხევას კათოლიკოსპატრიარქობის ურთულეს გზაზე“, – განაცხადა შიო მესამემ.