ქეთევან ქავთარაძე:უცხო ქვეყნებში გაცემული მართვის მოწმობის მფლობელები იძულებულები არიან, თავიდან ჩააბარონ გამოცდა

“ჩანაწერი, რომელიც უცხო ქვეყანაში გაცემულ მართვის მოწმობის ჩამორთმევას ეხება, დისკრიმინაციულია”, -ამის შესახებ საადვოკატო ბიურო OK & CG-ის ადვოკატმა, ქეთევან ქავთარაძემ განაცხადა.
ადვოკატი თვლის, რომ უცხო ქვეყანაში აღებული მართვის მოწმობის მფლობელები კანონის თანახმად, საქართველოში აღებულ მართვის მოწმობის მფლობელებთან შედარებით, არათანაბარ პირობებში ხვდებიან. ადვოკატი 100-ქულიან სისტემაზე ამახვილებს ყურადღებას და იმ გარემოებებზეც საუბრობს, რამაც შეიძლება აღნიშნული კანონის მიხედვით, ტურიზმის განვითარებას გარკვეული საფრთხე შეუქმნას.
როგორც ქეთევან ქავთარაძე აღნიშნავს, მართვის მოწმობისთვის მინიჭებულ ქულათა სისტემის ადმინისტრირების წესში არსებული ჩანაწერი, რომელიც უცხო ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობის ჩამორთმევას ეხება, დისკრიმინაციულია.
„კანონის თანახმად, უცხო ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობის მფლობელებს 100 ქულის ამოწურვის შემდეგ, ჩამოერთმევათ მართვის მოწმობა და აეკრძალებათ საქართველოში მექანიკური ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა, ხოლო საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის მფლობელებს კი 1 წლით უჩერდებათ მართვის უფლება. შესაბამისად, აღნიშნულ საკითხზე კანონში შესული ცვლილებები უცხო ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობის მფლობელებს განსხვავებულ რეგულაციებს უწესებს, საქართველოში გაცემული მართვის მოწმობის მფლობელებთან შედარებით. შესაბამისად, მოცემული კანონის ფარგლებში, უცხო ქვეყანაში გაცემული მართვის უფლების მქონე პირებს არათანაბარ პირობებში უწევთ ყოფნა და იძულებულნი არიან, მართვის მოწმობის გამოცდა თავიდან ჩააბარონ საქართველოში ან სხვა რომელიმე ქვეყანაში“, – განაცხადა ქეთევან ქავთარაძემ.
ადვოკატი თვლის, რომ უცხოელ ტურისტს შესაძლოა, დაგეგმილი ვიზიტის დროს, კანონში არსებული ჩანაწერის გამო, გარკვეული დაბრკოლებებიც შეექმნას. მისივე ინფორმაციით, შინაგან საქმეთა სამინისტროს მომსახურების სააგენტოს არ აქვს იმის რესურსი, რომ ქვეყანაში მყოფ უცხოელს გამოცდის ჩაბარება მათთვის სასურველ ენაზე შესთავაზოს.
„დღესდღეობით, მართვის მოწმობის ჩაბარება შესაძლებელია მხოლოდ ქართულ, რუსულ, ინგლისურ, აფხაზურ, თურქულ, აზერბაიჯანულ, სომხურ და ოსურ ენებზე, რაც გულისხმობს იმას ,რომ თუ უცხოელი ამ ენებს საერთოდ არ ფლობს ან ნაწილობრივ იცის, მას გამოცდის ჩაბარების საშუალება პრაქტიკულად არ აქვს“, – აცხადებს ქეთევან ქავთარაძე.
იურისტთა ნაწილი თვლის, რომ აუცილებელია, კანონში შევიდეს ცვლილებები,რათა დაცული იყოს ბალანსი საქართველოში გაცემულ მართვის მოწმობისა და უცხო ქვეყანაში გაცემული მართვის მოწმობის მფლობელებს შორის, მათივე მოსაზრებით, მნიშვნელოვანია, ასევე, რომ რომ შსს- მ საზღვარზევე მოახდინოს უცხო ქვეყნის მოქალაქეების ინფორმირება, რათა იცოდნენ, თუ რა ტიპის რეგულაცია არსებობს საქართველოში სატრანსპორტო საშუალების მართვასთან დაკავშირებით, შემდგომი გართულებებისა და გაურკევლობისგან თავის არიდების მიზნით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები