პრემიერმა ყვარელში მეღვინეობა „ნელქარისი“ გახსნა

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა ყვარელში “მეგობრების მარნის” მეღვინეობა „ნელქარისი” გახსნა, რომელიც ღვინის ქარხანას, მაღაზიას, მარანსა და რესტორანს აერთიანებს.
სახელმწიფოსა და კერძო სექტორს შორის თანამშრომლობის ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი – ასე შეაფასა პროექტი პრემიერმა და საქართველოში მეღვინეობის სექტორისა და ღვინის ბიზნესის პერსპექტივაზე ისაუბრა.
“ამ ყველაფერში 4 მილიონ აშშ დოლარზე მეტი ინვესტიციაა განხორციელებული; 600 ათასი დოლარი “შეღავათიანი აგროკრედიტია” და დასაქმებულია 75 ადამიანი. რაც ძალიან მნიშვნელოვანია, ეს ადგილი გახლავთ ძალიან დიდი ისტორიული დატვირთვის მქონე, ისტორიული მეღვინეობის კერა საქართველოში. დარწმუნებული ვარ, დაწყებული არქეოლოგიური პროექტი მივა იმ შედეგამდე, რომელიც ჩვენ გადაგვიშლის კიდევ ერთ საინტერესო გვერდს საქართველოს ისტორიაში. დარწმუნებული ვარ, ეს ადგილი ასევე გამოიწვევს ტურისტების განსაკუთრებულ ინტერესს და გახდება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული მიმართულება”,- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
პრემიერ-მინისტრმა მადლობა გადაუხადა ყველა ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო პროექტის განხორციელებაში, ასევე პარტნიორებს და აღნიშნა, რომ სახელმწიფო ყოველთვის დაუდგება გვერდით კერძო ინიციატივას, რომელშიც ასეთ მნიშვნელოვან პერსპექტივას დაინახავს.
„მეგობრების მარანი” ერთიანი აგროპროექტის ფარგლებში 2014 წელს აშენდა. კომპანია ყოველწლიურად 150 000 ბოთლ ღვინოს აწარმოებს, რომელიც იყიდება როგორც ადგილობრივ ბაზარზე, ასევე გადის ექსპორტზე აზერბაიჯანში, ევროკავშირის ქვეყნებში, აშშ-სა და დიდ ბრიტანეთში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები