პრეზიდენტმა სამხედრო მოსამსახურე შეიწყალა – მსჯავრდებულს უვადო პატიმრობა ვადიანით შეეცვალა

უვადო პატიმრობაში ქართველ სამხედროს სასჯელი ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა. ამის შესახებ „კვირას“ ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატებიდან“ აცნობეს.
ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ განცხადებით, „სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2017 წლის 6 ივლისის განკარგულების თანახმად, შეწყალების აქტი უვადო პატიმრობაში მყოფ ქართველ სამხედრო მოსამსახურეს, გივი დუმბაძესაც შეეხო, რომლის საქმეზეც, ორგანიზაციამ სპეციალური კვლევა მოამზადა და სამოქალაქო ადვოკატირების პროცესი დაიწყო. „ახალგაზრდა ადვოკატების“ ინფორმაციით, საქართველოს პრეზიდენტის შეწყალების აქტით, გივი დუმბაძეს უვადო თავისუფლების აღკვეთა ვადიანი თავისუფლების აღკვეთით შეეცვალა. თავისუფლების აღკვეთის ვადად 15 წელი, ხოლო პატიმრობაში ყოფნის ბოლო ვადად 2023 წელი განისაზღვრა. ამ თვალსაზრისით, გივი დუმბაძემ სასჯელის N8 სასჯელაღსრულების დაწესებულება მომდევნო 6 წლის განმავლობაში უნდა დატოვოს.
ორგანიზაცია გივი დუმბაძის შეწყალების ფაქტს მნიშვნელოვან წარმატებულ გადაწყვეტილებად აფასებს და გივი დუმბაძის უკანონო მსჯავრდების სრული გადახედვისთვის მუშაობას გააგრძელებს. ამასთან, ორგანიზაცია დეტალურად შეისწავლის, თუ რა საფუძვლებით არ მოხდა გივი დუმბაძის შეწყალება სრული მოცულობით და შეწყალების კომისიასთან გააგრძელებს ინსტიტუციურ დიალოგს.
„ახალგაზრდა ადვოკატებმა“ 2015 წლის აგვისტოში უვადო მსჯავრდებულის, გივი დუმბაძის საქმეზე სპეციალური კვლევა გამოაქვეყნეს, ხოლო 2015 წლის 7 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტს ოფიციალური წერილით მიმართეს, პოლიტიკური ნიშნით მსჯავრდებული გივი დუმბაძის საქმე გადახედილიყო და ქართველ სამხედროს შეწყალების აქტი შეხებოდა. „ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, გივი დუმბაძის საქმე, მისი ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, ტოვებს აშკარა შთაბეჭდილებას, რომ გივი დუმბაძის მიმართ, პოლიტიკური მოსაზრებით, განხორციელებულია იძულება, დევნა და დღემდე იმყოფება უკანონო პატიმრობაში. გივი დუმბაძე წარმოადგენს 2003-2012 წლების მმართველობის მსხვერპლს, ვინაიდან სასჯელს იხდის დანაშაულისთვის, რომელიც არ ჩაუდენია, მისი საქმე ექვემდებარება სრულ გადახედვას, რომელიც პრეზიდენტის 2017 წლის 6 ივლისის განკარგულებით, მხოლოდ ნაწილობრივ მოხდა და საქმის მასალები საჭიროებს კვლავ სიღმისეულ შესწავლას, რათა დადგინდეს საქმეში არსებული ნამდვილი და ფალსიფიცირებული მტკიცებულებები.
ოფიციალური ვერსიით, გივი დუმბაძე 2008 წელს, საქართველო-თურქეთის საზღვარზე მაშინდელი სოდ-ის თანამშრომლებმა დააკავეს და ნარკოტიკული ნივთიერების საქართველოში შემოტანის მუხლით გაასამართლეს. სინამდვილეში, გივი დუმბაძე თურქეთში იმყოფებოდა, იქ დასაქმებული ოჯახის წევრების – დისა და სიძის მიმართ საზაფხულო ტანისამოსის მიწოდების მიზნით. დაკავების რეალური მიზეზი მდგომარეობდა გივი დუმბაძის მიერ გენერალ რომან დუმბაძის ლიკვიდაციის დავალებაზე უარის თქმის გამო, სასამართლო სხდომები გამოყენებულ იქნა აღნიშნული დავალების სისრულეში მოყვანაზე თანხმობის მისაღებად, რაზედაც გივი დუმბაძე, მუდმივად უარს აცხადებდა. გივი დუმბაძემ უარი განაცხადა მოსკოვში წასვლაზეც და რომან დუმბაძის ჯერ თვალთვალზე, შემდეგ კი ლიკვიდაციაზე. შესაბამისად, წინა ხელისუფლების საგამოძიებო უწყებების მხრიდან და სასამართლო გადაწყვეტილების საფუძველზე, მას უვადო თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა.
ფაქტს, რომ გივი დუმბაძის დაკავება და უკანონო მსჯავრდება მოხდა წინა ხელისუფლების პარტიული ინტერესების შეუსრულებლობისა და უგულებელყოფის გამო, ადასტურებს საქართველოს პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის მიერ 2014 წლის თებერვალში გამოქვეყნებული დასკვნაც. გივი დუმბაძის საქმე შესულია პარლამენტის 2012 წლის 5 დეკემბრის „პოლიტიკური ნიშნით დაპატიმრებულთა და პოლიტიკური ნიშნით დევნილ პირთა შესახებ“ დადგენილებით წარმოდგენილ 32-წევრიან სიაშიც. არცერთ ჩვენებას, რომელიც გივი დუმბაძის მიერ დაკავების მომენტში, სასამართლო სხდომებსა თუ სამართალწარმოების სტადიაზეა მოცემული, სინამდვილესთან არავითარი შემხებლობა არ გააჩნია, ვინაიდან 2008-2012 წლებში, არსებობდა მისი და მისი ოჯახის წარმომადგენელთა ფიზიკური ლიკვიდაციის საფრთხე.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ შეფასებით, შეუძლებელია, გივი დუმბაძის თავისუფლების აღკვეთა მიჩნეულ იქნეს კანონიერ საპატიმრო ვადად. ორგანიზაციის ასეთი პოზიცია, დამყარებულია გივი დუმბაძესთან 2015 წლის 13 აგვისტოს შეხვედრაზე საქმეზე მიღებული ინფორმაციის ანალიზზეც. შესაბამისად, ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ გივი დუმბაძის საქმე უნდა დაექვემდებაროს დაუყოვნებლივ სრულ გადახედვას და სახელმწიფოს შესაბამისმა ინსტიტუციებმა მომავალში უნდა მიიღონ რეალურ მტკიცებულებებზე დაფუძნებული კანონიერი გადაწყვეტილება.
„ახალგაზრდა ადვოკატები“ გააგრძელებს გივი დუმბაძის საქმეზე მუშაობას და საზოგადოებას მომავალშიც მიაწვდის ინფორმაციას საქმეზე განხორციელებული მოქმედებების შესახებ, საქმეზე მომზადებული კვლევის გაცნობა კი დაინტერესებულ პირებს ორგანიზაციის ოფიციალურ გვერდზე შეუძლიათ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები