საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის დელეგაციამ, რომელიც მინსკში ყოველწლიურ საპარლამენტო ასამბლეაზე სოფიო ქაცარავას ხელმძღვანელობით იმყოფება, მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარესთან, ივან ბრაიოვიჩთან და პარლამენტის წევრებთან შეხვედრა გამართა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მინსკში მიმდინარე ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელი, სოფიო ქაცარავა და დელეგაციის წევრები – გიორგი ვოლსკი და ირაკლი ბერაია მონტენეგროს პარლამენტის თავმჯდომარეს, ივან ბრაიოვიჩს შეხვდნენ.
შეხვედრაზე მხარეებმა ორმხრივი ურთიერთობები, საპარლამენტო დიპლომატიის საკითხები, ნატოში ინტეგრირებისთვის რეფორმების მნიშვნელობა და მისი განხორციელების გზები განიხილეს. განსაკუთრებული ყურადღება კანონის უზენაესობის, ადამიანის უფლებების და დემოკრატიის კონსოლიდაციის საკითხებს დაეთმო.
სოფიო ქაცარავამ პარლამენტის თავმჯდომარეს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში გაწევრიანება მიულოცა და აღნიშნა, რომ საქართველო ღირსეული ასპირანტი ქვეყანაა და წევრობის პატივს მალე მოიპოვებს.
პარლამენტის თავმჯდომარემ ალიანსში ინტეგრაციის გზაზე რეკომენდაციებისა და დახმარებისთვის სრული მზაობა გამოთქვა და საქართველოს პროგრესსა და რეფორმებზე ისაუბრა. ასევე, ხაზი გაესვა უსაფრთხოებისა და სტაბილურობის მნიშვნელობას ქვეყანაში.
ივან ბრაიოვიჩი საქართველოს ნოემბერში ეწვევა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები