საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, სხდომა მიმდინარეობს

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოში ე.წ. მოსმენების კანონთან დაკავშირებით, განმწესრიგებელი სხდომა მიმდინარეობს.
დღევანდელ პროცესზე პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის, თამარ ქალდანის მოსმენა გაგრძელდება.
„კანონმდებლობა გვაძლევს შესაძლებლობას, როგორც ელექტრონული საშუალებებით, ასევე, სტანდარტული ინსპექტირებით შევამოწმოთ როგორც ტექნიკური, ასევე, სამართლებრივი მხარე. ამ თვალსაზრისით, რაიმე დაბრკოლება რომ შეგვქმნოდა, პრეცედენტი არ გვაქვს. სამართლებრივი გარანტიები კანონშივეა ჩადებული“, – განაცხადა თამარ ქალდანმა.
სხდომაზე დამსწრე საზოგადოებას არასამთავრობო ორგანიზაციის, „ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის“ იურისტმა, გიორგი გოცირიძემ საკუთარი მოსაზრებები გააცნო.
მისი განცხადებით, სასამართლოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის წარმომადგენელმა სააგენტოს დამოუკიდებლობასთან დაკავშირებით, დამაჯერებელი არგუმენტები ვერ მიაწოდა.
„ჩვენ მიგვაჩნია, რომ მოსმენების ტექნიკური შესაძლებლობა კვლავ პროფესიულად დაინტერესებული ორგანოს ხელშია. დღეს სასამართლო პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორს მოუსმენს. მოპასუხე მხარე როგორც სასამართლოს, ასევე, ჩვენს კითხვებს უპასუხებს. დღეს შევეცდებით დავადგინოთ, რამდენად არსებობს ან არ არსებობს იმის შესაძლებლობა, რომ პერსონალურ მონაცემთა დაცვის ინსპექტორის კონტროლის გვერდის ავლით განხორციელდეს უკანონო მოსმენა“, – განაცხადა გიორგი გოცირიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები