მარიამ ჯაში „უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის” საერთაშორისო კონფერენციაში მონაწილეობს

ავსტრიის დედაქალაქ ვენაში “უნივერსიტეტთა პრეზიდენტების საერთაშორისო ასოციაციის” (IAUP) საერთაშორისო კონფერენცია ოფიციალურად გაიხსნა.
კონფერენციას ჰოფბურგის სასახლეში  კავკასიის უნივერსიტეტი და ზემო ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტი მასპინძლობენ. კონფერენციის მთავარი თემაა „ინოვაციები განათლებაში”. პარალელურად, მიმდინარეობს ახალგაზრდა მეცნიერთა კონფერენცია.
კონფერენციის გახსნას ესწრებოდნენ საქართველოს პარლამენტის განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე მარიამ ჯაში, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის პირველი მოადგილე ქეთევან ნატრიაშვილი, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის დირექტორი თამარ სანიკიძე, საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი ავსტრიის რესპუბლიკაში კონსტანტინე ზალდასტანიშვილი.
მარიამ ჯაშის ინფორმაციით, კონფერენციის ფარგლებში, გაიმართება კავკასიის უნივერსიტეტის პრეზიდენტის, კახა შენგელიას IAUP -ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ინაუგურაციის ცერემონია.
„უდიდესი სიხარულით ვულოცავ ბატონ კახა შენგელიას და საქართველოს განათლების სისტემას უმნიშვნელოვანეს გამარჯვებას! უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის ხელმძღვანელობა არა მხოლოდ საქართველოს წარმატების აღიარებაა მსოფლიო აკადემიურ სივრცეში, არამედ უდიდესი შესაძლებლობა, რომ ჩვენი ქვეყნის უმაღლესი განათლების სისტემა კიდევ უფრო გაძლიერდეს და საერთაშორისო ასპარეზზე გახდეს ცნობილი”, – განაცხადა მარიამ ჯაშმა.
უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციას (IAUP), რომელიც 75 ქვეყნის 400 უნივერსიტეტს აერთიანებს, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, კახა შენგელია  უხელმძღვანელებს.
5-8 ივლისს, ავსტრიისა და საქართველოს თანამასპინძლობით, ვენაში მიმდინარეობს „უნივერსიტეტების პრეზიდენტთა საერთაშორისო ასოციაციის” შეხვედრა, რომელიც დასრულდება კახა შენგელიას IAUP-ის პრეზიდენტის თანამდებობაზე ინაუგურაციის ცერემონიით.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები