სოფიო ქაცარავა: ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რეზოლუციაში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებაზე ცვლილება შევა

ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის პოლიტიკურ საკითხთა და უსაფრთხოების კომიტეტის სხდომაზე, ასამბლეის დელეგატებმა რეზოლუციის პროექტზე იმსჯელეს. რეზოლუციაში, რომელშიც ეუთოს სივრცეში არსებული უსაფრთხოების გამოწვევებზე და კონფლიქტურ რეგიონებში არსებულ ვითარებაზეა საუბარი, საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებული ცვლილება აისახება.
კომიტეტის სხდომაზე აღნიშნული ჩანაწერის ტექსტი საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ წარმოადგინა. რეზოლუციის პროექტის თანახმად, „საპარლამენტო ასამბლეა წუხილს გამოთქვამს საერთაშორისო ნორმების და პრინციპების შესაბამისად, კონფლიქტის მშვიდობიანი მოგვარების კუთხით პროგრესის არარსებობის გამო. ასევე, ასამბლეა გამოხატავს შეშფოთებას აფხაზეთსა და ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონებში ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების მდგომარეობასთან დაკავშირებით”.
რეზოლუციის პროექტის 32-ე პუნქტში ასევე არის მოწოდება 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების შესრულების და ცხინვალის და აფხაზეთის რეგიონებში ჰუმანიტარული დახმარების დაუბრკოლებელი მიწოდების შესახებ.
„მნიშვნელოვანია, რომ საქართველოს დელეგაციის მიერ მომზადებული ცვლილება, რომელიც ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებას და კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოწესრიგების საკითხებს შეეხება, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის საბოლოო რეზოლუციის ტექსტში აისახება”, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები