საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ მინსკში ორმხრივი შეხვედრები გამართა
ეუთოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს პარლამენტის მუდმივმოქმედი დელეგაციის ხელმძღვანელმა, სოფიო ქაცარავამ და დელეგაციის წევრებმა, მინსკში ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ყოველწლიური სესიის ფარგლებში, ორმხრივი შეხვედრები გამართეს.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, უკრაინის, გერმანიისა და პორტუგალიის დელეგაციების ხელმძღვანელებთან გამართულ შეხვედრებზე ქართველმა კანონმდებლებმა როგორც ორმხრივი თანამშრომლობის გაღრმავების საკითხებზე, ასევე, საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებზე და საერთაშორისო მხარდაჭერის მიმართულებებზე ისაუბრეს.
„ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, საქართველოს მეგობარი და პარტნიორი ქვეყნის დელეგაციის წარმომადგენლებთან საინტერესო შეხვედრები გავმართეთ. ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, გერმანიის დელეგაციასთან გამართული შეხვედრა თანამშრომლობის ახალ და საინტერესო გეგმებზე, ევროინტეგრაციის პროცესში საქართველოს წინაშე არსებულ გამოწვევებსა და მათი მხარდაჭერის საკითხებზე მსჯელობას დაეთმო. მიმოვიხილეთ თანამშრომლობის გაღრმავების სფეროები და დემოკრატიული რეფორმების იმპლემენტაციის მნიშვნელობაზე ვისაუბრეთ. უკრაინის საპარლამენტო დელეგაციასთან განვიხილეთ საერთო ინტერესები და გამოწვევები, როგორიცაა ევროატლანტიკური სწრაფვა, ტერიტორიული მთლიანობის საკითხი და ქვეყნის დემოკრატიული რეფორმები, დავსახეთ თანამშრომლობის ახალი მიზნები და ვისაუბრეთ მათი განხორციელების მნიშვნელობაზე “, – განაცხადა საპარლამენტო დელეგაციის ხელმძღვანელმა სოფიო ქაცარავამ.
რაც შეეხება პორტუგალიის დელეგაციის ხელმძღვანელთან შეხვედრას, სოფიო ქაცარავამ კონფლიქტების მშვიდობიანი გზით მოგვარების კუთხით, ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, ურთიერთობების განსხვავებულ მიდგომებზე ისაუბრა და მისი შინაარსობრივი ნაწილი წარმოადგინა.
„ჩვენი ყველა შეხვედრის მიზანია, გავზარდოთ საქართველოს როლი ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის ფარგლებში, გავაძლიეროთ ურთიერთობები ჩვენს პარტნიორებთან, დავიცვათ ასამბლეის მიერ აღიარებული პრინციპები და ვიზრუნოთ სტაბილურობასა და უსაფრთხოებაზე“, – განაცხადა სოფიო ქაცარავამ.