პრემიერი შს მინისტრს მიმართავს, შავი ზღვის აკვატორიაზე სამაშველო ოპერაციის ის მონაწილეები დააჯილდოვოს, რომლებმაც ათეულობით ადამიანი გადაარჩინეს
პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი შს მინისტრს მიმართავს, უზრუნველყოს იმ მაშველების სათანადოდ დაჯილდოება და წახალისება, რომლებმაც შავ ზღვაში, 5- ბალიანი შტორმის დროს, 20 ადამიანი გადაარჩინეს.
“ყველა დამეთანხმებით, რომ ეს თავდადება არის დასაფასებელი. მინდა მივმართო შსს-ს, რომ უზრუნველყონ მათი სათანადოდ დაჯილდოება და წახალისება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ეს ადამიანები საკუთარ სიცოცხლეს რისკავენ სხვათა სიცოცხლის გადასარჩენად და ეს არის საპატიო საქმე. კიდევ ერთხელ ვამბობ, ძალიან საამაყოა, რომ ასეთი მაღალპროფესიონალი მაშველები გვყავს, რომლებმაც სასწაული შეძლეს გუშინ“, – განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.
ცნობისათვის, გუშინ, შავი ზღვის აკვატორიაზე განხორციელებული სამაშველო ოპერაციისას, მაშველებმა ხუთ ბალამდე შტორმის დროს, 20 ადამიანი გადაარჩინეს, აქედან ორი უცხო ქვეყნის მოქალაქე იყო.