ზაზა გაბუნია და რამაზ ნიკოლაიშვილი შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეაში მონაწილეობენ
საქართველოს პარლამენტის დელეგაცია დეპუტატ ზაზა გაბუნიას ხელმძღვანელობით, სტამბოლში, შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის საპარლამენტო ასამბლეის (PABSEC) 49-ე გენერალურ ასამბლეაში იღებს მონაწილეობას.
4 ივლისს საქართველოს საპარლამენტო დელეგაცია, დელეგაციის ხელმძღვანელის, ზაზა გაბუნიას და დელეგაციის წევრის, რამაზ ნიკოლაიშვილის შემადგენლობით, PABSEC-ის ახალი სათაო ოფისის გახსნის ცერემონიას დაესწრო, რომელიც გენერალურმა მდივანმა, ასაფ ჰაჯიევმა და თურქეთის პარლამენტის თავმჯდომარემ, ისმაილ კაჰრამანმა გახსნეს.
ასამბლეის დღის წესრიგში პლენარული და მუდმივმოქმედი კომიტეტების სხდომები იმართება, რომლის ფარგლებში პოლიტიკური, სამართლებრივი, ეკონომიკური, სავაჭრო, ტექნოლოგიური, ეკოლოგიური, კულტურის, განათლების და სოციალური საკითხები განიხილება.
გენერალურ ასამბლეაზე იგეგმება დებატების გამართვა თემაზე: “პარლამენტების როლი შავი ზღვის რეგიონში უსაფრთხოების და მშვიდობის უზრუნველყოფის საქმეში”.
დელეგატებმა შავი ზღვის საპარლამენტო ასამბლეის 25 წლის იუბილესთან დაკავშირებით, სპეციალური დეკლარაცია მიიღეს.
ასამბლეა მუშაობას 6 ივლისს დაასრულებს.