ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის არჩევნები ირიბი წესით მხოლოდ 2024 წლიდან დაიწყება
„რაც შეეხება პრეზიდენტის კომპეტენციას, ჩვენ არ შეგვიტანია მნიშვნელოვანი ცვლილებები პრეზიდენტის არჩევის წესში. იყო სპეკულაციები, თითქოს საკონსტიტუციო რეფორმის მიზანი ეს იყო“, – ამის შესახებ ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ საქართველო-ევროკავშირის ასოცირების საპარლამენტო კომიტეტის წევრებთან შეხვედრაზე განაცხადა, სადაც მან საკონსტიტუციო ცვლილებების შესახებ ისაუბრა.
როგორც მან აღნიშნა, პრეზიდენტის ირიბი წესით არჩევნები 2024 წლიდან დაიწყება, რაც ნიშნავს, რომ ამჟამინდელ პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შეეძლება.
„საბოლოოდ, ჩვენ ნებისმიერი სახის სპეკულაცია თავიდან ავიცილეთ. პირველ რიგში, პრეზიდენტის არჩევნები ირიბი წესით მხოლოდ 2024 წლიდან დაიწყება. ეს კი ნიშნავს, რომ ამჟამინდელ პრეზიდენტს საპრეზიდენტო არჩევნებში მონაწილეობა შეეძლება. ამ მხრივ ჩვენ გამოვრიცხეთ ყოველგვარი სპეკულაციები. პრეზიდენტის სტატუსი იგივე რჩება. რაც შეეხება პრეზიდენტის კომპეტენციას, ჩვენ არ შეგვიტანია მნიშვნელოვანი ცვლილებები. იყო სპეკულაციები, თითქოს საკონსტიტუციო რეფორმის მიზანი ეს იყო. ჩვენ გამოვრიცხეთ ნებისმიერი შესაძლებლობა ამგვარი სპეკულაციისთვის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.