არჩილ თალაკვაძე: საკონსტიტუციო ცვლილებებზე ფართო კონსენსუსის მისაღწევად, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის, არჩილ თალაკვაძის თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე ფართო კონსენსუსის მისაღწევად, არაერთი ნაბიჯი გადაიდგა. მისი თქმით, კონსტიტუციას უკვე აქვს პარლამენტში 6 პოლიტიკური ჯგუფის და პარტიის მხარდაჭერა. ასევე, არაერთი სოციალური ჯგუფი და დარგობრივი ასოციაცია უჭერს მხარს ამ რეფორმას.
„როგორც წესი, პოლიტიკურ დიალოგში და მოლაპარაკებებში ჩვენ გუნდის თითოეულ წევრთან შეთანხმებით და უმრავლესობის შიგნით შეჯერებული პოზიციით ვერთვებით. ჩვენი მხრიდან ფართო კონსენსუსის მისაღწევად, ბევრი რამ გაკეთდა: შეიქმნა საკონსტიტუციო კომისია, სადაც ყველა მხარე იყო მოწვეული და ჩართული; ჩატარდა საჯარო განხილვები ოპოზიციასთან ერთად; გავმართეთ კონსულტაციები ვენეციის კომისიასთან; საპარლამენტო ოპოზიციას შევთავაზეთ სრულფასოვანი განხილვა სესიებზეც; პარლამენტის თავმჯდომარემ მზადყოფნა გამოთქვა, პრეზიდენტთან ერთად, პირდაპირ ეთერში, საზოგადოებასთან ესაუბრა საკონსტიტუციო რეფორმაზე“,- აღნიშნა თალაკვაძემ კონსტიტუციის პროექტის შესაძლო ცვლილებების შესახებ გავრცელებული ინფორმაციის საპასუხოდ.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო ცვლილებებზე საპარლამენტო უმრავლესობის არგუმენტები ძლიერია და ყველა მზად არის, დაინტერესებულ მხარეებს ეს არგუმენტები კიდევ ერთხელ გააცნონ.