შსს-მ რუსთაველზე მდებარე ბარებიდან, 147 სექსმუშაკი პოლიციაში მიიყვანა, მათ შორის 91 ქალი და 56 მამაკაცია
თბილისში, 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ბარიდან 147 სექსმუშაკი, იდენტიფიცირების მიზნით, პოლიციის შენობაში მიიყვანეს. ამის შესახებ ინფორმაცია „კვირას“ შს სამინისტროდან აცნობეს.
მათივე ცნობით, 145 პირიდან 91 ქალი და 56 მამაკაცია. შსს-ს ინფორმაციით, 91 ქალიდან, 71 ქართველი და 20 უცხოელი სექსმუშაკია. მათივე თქმით, 56 მამაკაცი სექსმუშაკიდან 15 – ქართველი, 41 კი უცხოეთის მოქალაქეა.
ცნობისათვის, შინაგან საქმეთა სამინისტრომ პროსტიტუციისა და სხვა დანაშაულების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით ჩატარებულ ღონისძიებების შესახებ ინფორმაცია გამოაქვეყნა.
”პროსტიტუციისა და სხვა დანაშაულების გამოვლენის, აღკვეთისა და პრევენციის მიზნით, შს სამინისტრომ განახორციელა რიგი ღონისძიებები, რომლის ფარგლებშიც, შსს-ს თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს თანამშრომლებმა, 2017 წლის 30 ივნისიდან 4 ივლისის ჩათვლით ჩატარებული პრევენციული მოქმედებების შედეგად, თბილისში, რუსთაველის გამზირის მიმდებარე ტერიტორიაზე მდებარე რამდენიმე ბარიდან პოლიციის ადმინისტრაციულ შენობაში, გადამოწმებისა და პიროვნების იდენტიფიცირების მიზნით, მიიყვანეს: 71 ქართველი და 20 უცხოელი სექსმუშაკი ქალი (სულ – 91 პირი); ასევე, 56 მამაკაცი, მათ შორის, 15 – ქართველი და 41 უცხოეთის მოქალაქე”, – აცხადებენ შსს-ში.
მათივე ინფორმაციით, მიმდინარე წლის 30 ივნისს, ამავე ღონისძიების დროს, სამართალდამცველებმა ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 166-ე მუხლის (წვრილმანი ხულიგნობა) და 173-ე მუხლის (პოლიციელის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა) საფუძველზე, საქართველოს 2 მოქალაქე დააკავეს, რომლებიც წარდგენილნი არიან სასამართლოში.
შსს-ს განცხადებით, აღნიშნული პრევენციული ღონისძიებები მომავალშიც გაგრძელდება.