შს სამინისტროს დიტერ შიურმანი ეწვია

საქართველოს შს სამინისტროს, სამუშაო ვიზიტით, გერმანიის ჩრდილოეთ რაინ-ვესტფალიის ფედერალური მიწის პოლიციის უფროსი, დიტერ შიურმანი დელეგაციასთან ერთად ეწვია.
გერმანიის ფედერალური მიწის შინაგან საქმეთა და მუნიციპალურ საქმეთა სამინისტროს დელეგაციას საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრმა, გიორგი მღებრიშვილმა უმასპინძლა.
უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე მხარეებმა აღნიშნეს საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ სტრუქტურებს შორის არსებული მჭიდრო და წარმატებული თანამშრომლობა, როგორც ფედერალურ, ასევე, ფედერალური მიწების დონეზე. ხაზი გაესვა ბერლინში საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ატაშეს ნაყოფიერ საქმიანობასაც, რომელიც ფედერალურ კრიმინალურ სამსახურთან და ცალკეული ფედერალური მიწების კრიმინალურ პოლიციებთან პირდაპირ, სწრაფ და ეფექტურ თანამშრომლობას უზრუნველყოფს.
საქართველოს შს მინისტრის თქმით, გერმანიის ფედერალურ სამართალდამცავ ორგანოებსა და საქართველოს შსს-ს ცენტრალურ კრიმინალურ პოლიციას შორის თანამშრომლობა უწყვეტ რეჟიმში მიმდინარეობს, რომლის ფარგლებშიც, ინტენსიური შეხვედრებისა და ინფორმაციის გაზიარების შედეგად, არაერთი ორგანიზებული დანაშაულის საქმე იქნა გამოძიებული.
როგორც შეხვედრაზე აღინიშნა, გერმანიის ფედერალური კრიმინალური პოლიციის სამსახურის გადაწყვეტილებით, გერმანული მხარე საქართველოში პოლიციის მეკავშირე ოფიცრის წარგზავნას გეგმავს, რაც კიდევ უფრო გააღრმავებს ორ ქვეყანას შორის არსებულ საპოლიციო თანამშრომლობას. გიორგი მღებრიშვილმა დიტერ შიურმანს უწყებაში მიმდინარე რეფორმები, განხორციელებული პროექტები და დაგეგმილი სიახლეები გააცნო, მათ შორის, თანამედროვე, მაღალტექნოლოგიური და მულტიფუნქციური ერთობლივი ოპერაციების ცენტრი, კრიმინალური პოლიციის რეფორმა, საზოგადოებაზე ორიენტირებული პოლიციისა და ანალიზზე დაფუძნებული პოლიციის პროექტები, ასევე, საგზაო უსაფრთხოების კუთხით განხორციელებული საკანონმდებლო ცვლილებები.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები