ირაკლი კობახიძე: პრეზიდენტის საუბრის მოსმენაზე გუშინ ერთი საათი დავკარგე
პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე საქართველოს პრეზიდენტის, გიორგი მარგველაშვილის მიერ გუშინ გაკეთებულ განცხადებებს გამოეხმაურა. როგორც მან განაცხადა, ერთი საათი პრეზიდენტის საუბრის მოსმენაზე დაკარგა.
კობახიძის თქმით, სასურველია, მოეწყოს ღია ეთერის ფორმატი, სადაც პრეზიდენტი და თავმჯდომარე საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის თაობაზე ისაუბრებენ.
„კიდევ ერთხელ მინდა მოვუწოდო პრეზიდენტს, რომ ღია ეთერში დავსხდეთ ერთად და საზოგადოებას ვესაუბროთ ერთად საკონსტიტუციო ცვლილებების თაობაზე. ასეთ შემთხვევაში, საზოგადოებას შეექმნება ნათელი წარმოდგენა საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის შესახებ. ასეთი ცალმხრივი საუბრებით, ბუნებრივია, საზოგადოება ვერ იღებს ინფორმაციას. ჩვენ პრეზიდენტს ძალიან კარგ ფორმატს ვთავაზობთ. ეს ფორმატი გულისხმობს იმას, რომ ჩვენ ერთად დავსხდეთ ღია ეთერში საზოგადოების წინაშე და ერთად ვესაუბროთ საკონსტიტუციო რეფორმის შინაარსის თაობაზე. ჩვენი შეთავაზება ძალაშია და იმედს ვიტოვებთ, რომ ეს ფორმატი შედგება“, – განაცხადა კობახიძემ.