“საკასაციო სასამართლოში „პაპუაშვილის საქმეზე“ მოსამართლეებმა, მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ თვითაცილება გამოაცხადეს”

“საქართველოს უზენაესმა სასამართლომ როლანდ ბლადაძის ჩამორთმეულ ქონებაზე უმნიშვნელოვანესი გადაწყვეტილება მიიღო”, – ამის შესახებ „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე ორგანიზაცია „ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელმა, არჩილ კაიკაციშვილმა განაცხადა.
„ახალგაზრდა ადვოკატების“ ხელმძღვანელის, როლანდ ბლადაძის ადვოკატის, არჩილ კაიკაციშვილის განცხადებით, საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება მოსალოდნელი არ იყო, ვინაიდან 2017 წლის 1 ივნისის განჩინებით, არ დაკმაყოფილდა როლანდ ბლადაძის შუამდგომლობა მოსამართლეების, მაია ვაჩაძისა და ნუგზარ სხირტლაძის საქმიდან ჩამოშორების თაობაზე.
„2017 წლის 20 ივნისის განჩინებებით, მაია ვაჩაძემ და ნუგზარ სხირტლაძემ საქმიდან თვითაცილების გადაწყვეტილებები მიიღეს, რაც დასაბუთებული გახდა მხარის სრული უნდობლობითა და სასამართლოს რეპუტაციის მნიშვნელოვანი ფასეულობის დაცვის პრინციპიდან. საქართველოს უზენაესი სასამართლოს ყველა სხვა მოსამართლე უფლებამოსილია „პაპუაშვილის საქმე“ განიხილოს, ვინაიდან დროის არც ერთ მონაკვეთში, არც ერთ მათგანს, საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია. ამასთან, მხარეს გააჩნია სრული ნდობა სასამართლოს თავმჯდომარის მიმართ, ვინაიდან მაღალი საჯარო ინტერესიდან გამომდინარე, საქმის განმხილველი შემდგომი მოსამართლეები, პასუხისმგებლები არიან არამხოლოდ პროცესის მონაწილე მხარეების მიმართ, არამედ მართლმსაჯულების ღირსების აღდგენისა და მთლიანი საზოგადოების წინაშე. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, საზოგადოებაში რწმენას აჩენს, რომ საქმეზე მიუკერძოებელი მართლმსაჯულება განხორციელდება, არ დაიჩაგრება დაზარალებული, აღდგება ისტორიული სამართლიანობა და საქმეზე პრინციპული გადაწყვეტილებები ქონებრივ უფლებებში აღადგენს როლანდ ბლადაძეს“, -განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა. კაიკაციშვილი თვლის, რომ სასამართლომ უნდა აღადგინოს სამართლიანობა და ბლადაძეს წართმეული ქონება დაუბრუნოს. „ჩვენ არ ველოდებით ვინმეს დამარცხებას, ჩვენ ველოდებით პროცესის მონაწილე ყველა მხარის გამარჯვებას, ვინაიდან სასამართლომ უნდა აღადგინოს ისტორიული სამართლიანობა, დაეყრდნოს მტკიცებულებებს და წართმეული სახლი დაუბრუნოს მის ერთადერთ და კანონიერ მესაკუთრეს, ხოლო სახელმწიფომ უნდა შეასრულოს თავისი ვალდებულება და ყოფილ მოსამართლეს გადასცეს ალტერნატიული ფართი. სასამართლოს გადაწყვეტილების გარეშე, სახელმწიფოს სურვილის მიუხედავად, ჩანს, ასეთი შედეგი ვერ მიიღწევა“, – განაცხადა არჩილ კაიკაციშვილმა „კვირას“ პრესკლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
საქართველოს უზენაეს სასამართლოში გასაჩივრებულია თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2017 წლის 15 მარტის განჩინება, რომლითაც როლანდ ბლადაძის მოთხოვნები არ დაკმაყოფილდა. საკასაციო სასამართლომ საქმე დასაშვებობის შესამოწმებლად, წარმოებაში 2017 წლის 1 ივნისს მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები