ფიქრია ჩიხრაძე: საკონსტიტუციო პროდუქტი, რომელიც აქამდე იყო, აბსოლუტურად დაცლილია კონსენსუსისგან
„თუ ჩვენ გვინდა, საკონსტიტუციო პროექტს ჰქონდეს მაღალი ლეგიტიმაცია, თუ ჩვენ გვინდა, პროცესი იყოს კონსენსუსის შედეგზე დამყარებული, უნდა გაჩერდეს ის, რაც აქამდე იყო და უნდა დაიწყოს დიალოგის ახალი ფორმატი“, – ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტის პოლიტიკურმა მდივანმა, ფიქრია ჩიხრაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, საკონსტიტუციო პროდუქტი, რომელიც აქამდე იყო, აბსოლუტურად დაცლილია კონსენსუსისგან.
“დღევანდელი შეხვედრა ემსახურება მცდელობას, რომ კიდევ ერთხელ დაფიქსირდეს, თუ რა მიმართულებით არის შესაძლებელი გადაიდგას ნაბიჯები კონსენსუსისკენ. ის, რაც აქამდე პროდუქტი მივიღეთ, აბსოლუტურად დაცლილია კონსენსუსისგან და ძალიან დაბალი ლეგიტიმაციის მქონეა, ამაზე, მგონი, აღარავინ დაობს, განსაკუთრებით საერთაშორისო შეფასებების შემდეგ. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია, რომ თუ ჩვენ გვინდა, ამ პროცესს ჰქონდეს მაღალი ლეგიტიმაცია, თუ ჩვენ გვინდა, პროცესი იყოს კონსენსუსის შედეგზე დამყარებული, უნდა გაჩერდეს ის, რაც აქამდე იყო და უნდა დაიწყოს დიალოგის ახალი ფორმატი, რომელიც ადეკვატურად უპასუხებს იმ მოთხოვნებს, რომელიც არის როგორც ქართული საზოგადოების, ისე საერთაშორისო საზოგადოების მხრიდან”,- განაცხადა ჩიხრაძემ.
ფიქრია ჩიხრაძის თქმით, საარჩევნო კოდექსში ცვლილებები არ არის ის საკითხები, რომელმაც შეიძლება, პინაზე რაიმე გადაწონოს.
“რაც შეეხება საარჩევნო კანონმდებლობაში ცვლილებებს და კონკრეტულ დათმობებს, ალბათ, რაიმე არის გაუმჯობესებული და ბევრი რაღაც არის გაუარესებული. ეს ვერანაირად ვერ იქნება საპირწონე იმისა, რაც საკონსტიტუციო ცვლილებებს ეხება. საარჩევნო კოდექსში ცვლილებები არ არის ის საკითხები, რომელმაც შესაძლოა, პინაზე რაიმე გადაწონოს. საარჩევნო კოდექსში როგორი პოზიტიური ცვლილებებიც არ უნდა შევიდეს, ეს პინაზე ვერ გადაწონის საკონსტიტუციო საკითხებს”, – აღნიშნა ჩიხრაძემ.