ირაკლი კობახიძე: ევროპული ინტეგრაცია საგარეო პოლიტიკის ერთადერთი მიზანია

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ სტრასბურგში, ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფის დაარსებისადმი მიძღვნილ მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას, განაცხადა, რომ აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მომზადების პროცესში, ევროპარლამენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს, რაც ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს,  დეკლარაციაში საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მისწრაფება დააფიქსირონ.
„მჯერა, რომ არ უნდა დავიშუროთ ძალისხმევა ჩვენი ურთიერთობის კიდევ უფრო განმტკიცებისთვის. ეს ისტორიული შესაძლებლობა ჩვენი მოქალაქეების დაახლოებას და ჩვენი საერთო ღირებულებების განმტკიცებას შეუწყობს ხელს. ვიმედოვნებთ, რომ ევროპარლამენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს ნოემბერში, აღმოსავლეთ პარტნიორობის სამიტის მომზადების პროცესში და ხელს შეუწყობს ევროკავშირის წევრ ქვეყნებს, მკაფიოდ დააფიქსირონ დეკლარაციაში საქართველოს ევროკავშირის წევრობისკენ მისწრაფება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, ევროპულ ინტეგრაციასთან დაკავშირებით, საქართველოში ფართო კონსენსუსია.
„ჩემს ქვეყანაში არის ფართო კონსენსუსი იმასთან დაკავშირებით, რომ ევროპული ინტეგრაცია არა მხოლოდ საუკეთესო, არამედ  საგარეო პოლიტიკის ერთადერთი მიზანია, რომელიც სრულად შეესაბამება ჩვენს ღირებულებებს, არჩევანს და დემოკრატიისკენ, მშვიდობისა და კეთილდღეობისკენ სწრაფვას“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
მისივე თქმით, საქართველო დემოკრატიული რეფორმების განხორციელებას გააგრძელებს.
„საქართველომ მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია და განვითარდა როგორც ახალგაზრდა და ძლიერი დემოკრატია, არა მხოლოდ ჩვენი ძალისხმევით, არამედ ევროკავშირში ჩვენი მეგობრების მნიშვნელოვანი მხარდაჭერით. მინდა, გამოვიყენო შესაძლებლობა, მადლობა გადაგიხადოთ და იმედი გამოვთქვა, რომ ეს მხარდაჭერა გაგრძელდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.
როგორც საკანონმდებლო ორგანოს თავმჯდომარემ აღნიშნა, საქართველოს პარლამენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ამბიციური ვალდებულებების დროულ და ეფექტურ შესრულებაში.

„საქართველოს პარლამენტი მნიშვნელოვან როლს შეასრულებს საქართველოს ამბიციური ვალდებულებების დროულ და ეფექტურ შესრულებაში, როგორც საკანონმდებლო დაახლოების, ასევე მკაცრი საპარლამენტო ზედამხედველობის უზრუნველყოფის სახით. დარწმუნებული ვარ, რომ ევროკავშირი-საქართველოს მეგობრობის ჯგუფი წარმატებული იქნება ჩვენი საკანონმდებლო ორგანოების კიდევ უფრო დაახლოებისა და საქართველოსა და ევროკავშირს შორის მეგობრული დიალოგის გაძლიერების საქმეში. ასევე, მწამს, რომ მეგობრობის ჯგუფი მნიშვნელოვან წვლილს შეიტანს საქართველოს ისტორიულ ადგილზე – ევროპულ ოჯახში დაბრუნების საქმეში“, – განაცხადა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები