გიორგი კვირიკაშვილსა და ჯანი ბუკიკიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა

საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი კვირიკაშვილსა და ვენეციის კომისიის პრეზიდენტ ჯანი ბუკიკიოს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. მათი ცნობით, ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა საქართველოს პრემიერ-მინისტრს  საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში აქტიური ჩართულობისა და იმ ნაბიჯებისთვის, რომელსაც ხელისუფლება ფართო კონსენსუსის მიღწევის მიზნით, დიალოგის გაგრძელების მიმართულებით დგამს, მადლობა გადაუხადა.
„ვენეციის კომისიის პრეზიდენტმა პოზიტიურ და წინგადადგმულ ნაბიჯად შეაფასა საქართველოში მისი ვიზიტის შემდეგ ხელისუფლების მიერ ფართო კონსენსუსის მიღწევის მიზნით, საარჩევნო კოდექსში შეტანილი ცვლილებების კუთხით გადადგმული ნაბიჯი, რომლის მიხედვითაც, შეიცვალა აქამდე არსებული ნორმა და პარტიებს შესაძლებლობა ექნებათ, მათი მერობის კანდიდატი წარმოდგენილი იყოს საკრებულოს საარჩევნო სიაშიც. ამ ცვლილებას ოპოზიციური პარტიებისთვის დიდი მნიშვნელობა ჰქონდა.
ჯანი ბუკიკიომ გიორგი კვირიკაშვილთან საუბრის დასასრულს განაცხადა, რომ დღეს კიდევ უფრო ოპტიმისტურად არის განწყობილი და იმედი გამოთქვა, რომ საკონსტიტუციო ცვლილებების პროცესში ჩართული ყველა სუბიექტი გადადგამს კონკრეტულ ნაბიჯებს, რომ მომდევნო მოწვევის პარლამენტი მეტად პლურალისტური იქნება.
თავის მხრივ, გიორგი კვირიკაშვილმა ჯანი ბუკიკიოს აქტიური თანამშრომლობისა და მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა“, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები