ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია საქართველოში: სოფელ ბერშუეთთან ე.წ. ბორდერიზაციის ქმედებები ივნისში დაფიქსირდა

“სოფელ ბერშუეთთან ე.წ. ბორდერიზაციის ქმედებებს ადგილი ნამდვილად ჰქონდა და ეს ივნისის თვეში დაფიქსირდა”, – ამის შესახებ ნათქვამია საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
როგორც განცხადებაშია აღნიშნული, მას შემდეგ, რაც მედიამ ინფორმაცია გაავრცელა იმის თაობაზე, რომ მწვანე ბანერი დამონტაჟდა სოფელ ბერშუეთის მახლობლად, საქართველოში ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ დაუყოვნებლივ გააგზავნა პატრული, რათა ადგილზე დაედგინა სიტუაცია.
”ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიას შეუძლია დაადასტუროს, რომ ე.წ. ბორდერიზაციის ქმედებებს ადგილი ჰქონდა ივნისის თვეში, მაგრამ არ შეუძლია ახალი მწვანე ბანერების გასულ კვირას დამონტაჟება დაადასტუროს.
ადგილზე ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის დაკვირვების თანახმად, რამდენიმე მწვანე ბანერი ბერშუეთის მახლობლად დამონტაჟებული იყო 2017 წლის 19 ივნისს ადმინისტრაციული სასაზღვრო ზოლის მახლობლად, იმ ადგილზე, რომელიც საქართველოს მთავრობის კონტროლის ქვეშ არ იმყოფება.
მიუხედავად ამისა, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია მწვანე ბანერების დამონტაჟებას არაკანონიერად მიიჩნევს. ნებისმიერი ფორმით, ე.წ. ბორდერიზაცია, მათ შორის ბანერების დამონტაჟება, აფერხებს გადაადგილების თავისუფლებას და ფერმერებს ხელს უშლის მიწის დამუშავებაში.
ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია განაგრძობს ე.წ. ბორდერიზაციის ქმედებების მჭიდრო მონიტორინგს. აღნიშნული საკითხი განიხილება ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის შეხვედრაზე, რომელიც 2017 წლის 11 ივლისს ერგნეთში გაიმართება”, – ნათქვამია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის განცხადებაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები