თბილისის მერია “ელიავას ბაზრობაზე” ხანძრის შედეგად დაზარალებულებს საბანკო სექტორთან უშუამდგომლებს

“უნდა დაზუსტდეს დაზარალებულთა მონაცემთა ბაზები, ზიანის მოცულობა და იმ საქონლის მოცულობა, რომელიც განადგურდა, ან დაზიანდა”, – ამის შესახებ თბილისის მერის მოადგილემ, ირაკლი ლექვინაძემ “ელიავას ბაზრობაზე” ხანძრის შედეგად დაზარალებულებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ განაცხადა.
ირაკლი ლექვინაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ დაზიანებულ საქონელზე საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერის პროცესში თბილისის მერია აქტიურად ჩაერთვება.
”ჩვენ გვქონდა საკმაოდ საქმიანი შეხვედრა. პირველი, რაზეც შევთანხმდით, არის ის, რომ უნდა დაზუსტდეს დაზარალებულთა მონაცემთა ბაზები, ზიანის მოცულობა და იმ საქონლის მოცულობა, რომელიც განადგურდა, ან დაზიანდა. ამის შემდგომ, ჩვენ განვახორციელებთ შუამდგომლობას საბანკო სექტორთან, რადგან ბევრ მათგანს აქვს სასესხო ვალდებულება სხვადასხვა ბანკთან. ისევე, როგორც სხვა შემთხვევებში, მოხდება გარკვეულწილად, ფიქრი ამ სესხების რესტრუქტურიზაციაზე. შემოსავლების სამსახურმა, თავის მხრივ, განაცხადა, რომ დაზიანებულ საქონელზე საგადასახადო ვალდებულებების ჩამოწერა მოხდება და ამ კომუნიკაციაში ბუნებრივია, ჩვენ აქტიურად ჩართული ვიქნებით. რაც შეეხება სხვა დანარჩენ საკითხებს, კონკრეტული ნაბიჯები, მათი საჭიროებებიდან და მოთხოვნებიდან გამომდინარე, გვეცოდინება მას შემდეგ, რაც გვექნება შედარებით უფრო სრული სურათი ხანძრის შედეგად დაზიანებული თუ განადგურებული საქონლის მოცულობის შესახებ”, – აღნიშნა ირაკლი ლექვინაძემ.
ამასთან, უახლოეს დღეებში, მერია “ელიავას ბაზრობის” ობიექტების დამფუძნებლებთან შეხვედრასაც გეგმავს.
”მერია შეხვდება ყველა მხარეს, ვინც, გარკვეულწილად, კავშირშია “ელიავას ბაზრობაზე” მომხდარ ფაქტთან. ერთ-ერთი მხარეა დამფუძნებლები. ჩვენ უნდა ვიცოდეთ და გვინდა გავიგოთ მათი პოზიცია მომხდართან დაკავშირებით და იმ ადამიანებთან მიმართებაში, რომლებიც ხანძრის შედეგად დაზარალდნენ”, – განაცხადა ირაკლი ლექვინაძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები