ქეთევან ციხელაშვილი: ჩვენი სტრატეგიული ამოცანა ამ მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების სრული დემონტაჟია

სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრმა, ქეთევან ციხელაშვილმა გორის რაიონის სოფელ ბერშუეთის მიმართულებით საოკუპაციო ხაზზე უკანონოდ ბანერის დამონტაჟებასთან დაკავშირებით, განაცხადა, რომ საოკუპაციო ძალის მიერ ბანერების დადგმა და სხვა მსგავსი ქმედებები არა მხოლოდ უსაფრთხოების გარემოს ძაბავს, არამედ ძალიან სერიოზულ ჰუმანიტარულ პრობლემებს უქმნის ადგილობრივ მოსახლეობას. ციხელაშვილის განმარტებით, მისი აპარატის წარმომადგენლები ვითარების შესასწავლად, ადგილზე უკვე გაემგზავრნენ.
„აბსოლუტურად მიუღებელია ნებისმიერი ასეთი მოძრაობა, როგორსაც, სამწუხაროდ, რეგულარულად აქვს ადგილი 2009 წლიდან. ჩვენი აპარატის წარმომადგენელი უკვე გაემგზავრა ადგილზე, ვითარების დეტალურად გასაცნობად და მოსახლეობასთან შესახვედრად. რა თქმა უნდა, ყველა მექანიზმს გამოვიყენებთ, რომ პრობლემის მოგვარებაში დავეხმაროთ ადგილობრივ მოსახლეობას. გასულ წელს, მე პირადად ვიყავი ჩასული მოსავლის აღების პერიოდში სწორედ ამ ადგილზე, ვიცნობ ჩილინდარაშვილებს და ხოდელსაც და მაშინ, დიდი ძალისხმევით, მოვახერხეთ, რომ საოკუპაციო ხაზს მიღმა დარჩენილ ნაკვეთზე ერთ-ერთმა მოსახლემ აიღო მოსავალი. რა თქმა უნდა, ჩვენი სტრატეგიული ამოცანა ამ მავთულხლართებისა და სხვა ბარიერების სრული დემონტაჟია და ვიდრე ამ სტრატეგიულ მიზანს მივაღწევთ, ვმუშაობთ ჰუმანიტარული პრობლემების გადაჭრაზე, რათა მოსახლეობას მიეცეს მიწებზე წვდომის საშუალება“, – განაცხადა ციხელაშვილმა.
მინისტრის თქმით, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის საშუალებით, გააქტიურდება „ცხელ ხაზი“, რომელიც ინციდენტებზე რეაგირების ყველაზე სწრაფი საშუალებაა.
„ჩვენ გვაქვს ყოველდღიური კომუნიკაცია ჩვენს პარტნიორებთან, მათ შორის, ჟენევის დისკუსიების თანათავმჯდომარეებთან. სამწუხაროდ, ეს არ არის ახალი საკითხი, ყველა შეხვედრის ფარგლებში, მოსახლეობისთვის მიწებზე წვდომა და მოსავლის აღების შესაძლებლობა არის ერთ-ერთი მთავარი თემა. ვერ ვიტყვი, რომ საოკუპაციო ძალა ხშირად კონსტრუქციულობით გამოირჩევა, მაგრამ მაინც ვიტოვებ იმედს, რომ ყველა ძალისხმევის მობილიზებით, მოხერხდება, რომ მოსახლეობას არ შეექმნას პრობლემები“, – დასძინა ციხელაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები