გიორგი მარგველაშვილი ამერიკელებს დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს

საქართველოს პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი ამერიკელ ხალხს ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღეს ულოცავს. როგორც მან აღნიშნა, აშშ ყოველთვის იყო თავისუფლებისა და დემოკრატიის შუქურა სხვა ერებისთვის, ასევე, მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი საყრდენი. მისალოცი წერილი გიორგი მარგველაშვილმა პრეზიდენტ დონალდ ჯ. ტრამპს გაუგზავნა.
„თქვენო აღმატებულებავ, მოხარული ვარ, გულითადად მოგილოცოთ ამერიკის შეერთებული შტატების დამოუკიდებლობის დღე. მოხარული ვარ აღვნიშნო, რომ ძლიერი, დამოუკიდებელი და წარმატებული სახელმწიფოს მშენებლობისათვის ამერიკელმა ხალხმა საუკუნეების მანძილზე მრავალი გამოწვევა გაიარა. აშშ ყოველთვის იყო თავისუფლებისა და დემოკრატიის შუქურა სხვა ერებისთვის, ასევე მსოფლიოში მშვიდობისა და სტაბილურობის მთავარი საყრდენი. ვითვალისწინებ რა არსებულ არასტაბილურ და ცვალებად გარემოს, მჯერა, რომ თქვენი ქვეყანა წარმატებით გაივლის ყველა გამოწვევას და ახალ სიმაღლეებს მიაღწევს წარმატებული განვითარებისათვის. ვსარგებლობ ამ შემთხვევით და ნება მომეცით, კიდევ ერთხელ დაგიდასტუროთ, რომ საქართველო ყოველთვის იქნება ამერიკის შეერთებული შტატების ძლიერი პარტნიორი. ჩვენი ისტორიული მეგობრობა შეუქცევადია. ჩვენმა ერებმა, ერთმანეთის მტკიცე მხარდაჭერით, ერთად გაიარეს სხვადასხვა გამოწვევა საერთო კეთილდღეობისა და უსაფრთხოების დასაცავად. მადლიერებას გამოვხატავთ და განსაკუთრებით ვაფასებთ ჩვენი ქვეყნის სახელმწიფოებრიობის გაძლიერებისა და დემოკრატიული განვითარების გზაზე აშშ-ის მიერ გაწეულ მხარდაჭერას, საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ჩვენი ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებისადმი გამოხატულ ურყევ პოზიციას. დარწმუნებული ვარ, რომ ჩვენი ერთობლივი ძალისხმევით, საქართველოსა და აშშ-ს შორის არსებული მეგობრობა და სტრატეგიული პარტნიორობა მომავალში კიდევ უფრო განვითარდება და გაძლიერდება. თქვენო აღმატებულებავ, გთხოვთ, მიიღოთ ჩემი ღრმა პატივისცემა და საუკეთესო სურვილები თქვენს საქმიანობაში მეტი წარმატების, ასევე, მეგობარი ამერიკელი ხალხის მშვიდობისა და კეთილდღეობისათვის“, – აღნიშნულია საქართველოს პრეზიდენტის მილოცვის ტექსტში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები