საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს

პოლკოვნიკ ბესიკ ქუთათელაძის სახელობის საჩხერის სამთო მომზადების სკოლაში სამთო მომზადების ზაფხულის საბაზისო კურსი მიმდინარეობს. ნატოს „პარტნიორობა მშვიდობისათვის პროგრამის“ (PFP) ფარგლებში მიმდინარე კურსში ნატოს წევრი და პარტნიორი 7 ქვეყნის 25 სამხედრო მოსამსახურეა ჩართული.

აშშ-ის, ლატვიის, პოლონეთის, სომხეთის, უკრაინის, ბელორუსიისა და საქართველოს შეიარაღებული ძალების სამხედრო მოსამსახურეები სამი კვირის განმავლობაში სხვადასხვა სახის სამთო უნარ-ჩვევებს ეუფლებიან. დღეს, კურსში მონაწილე სამხედრო მოსამსახურეები ჭიათურის მუნიციპალიტეტის სოფელ კაცხში კლდეზე ცოცვის, კლდიდან დაშვებისა და დაბრკოლებათა ზოლის გადალახვის საჭირო ტექნიკას გაეცნენ.

სამხედრო მოსამსახურეები სამთო აღჭურვილობის მოხმარების წესებსა და ტექნიკურ მონაცემებს, ადგილმდებარეობაზე ორიენტირებას, რუკაზე მარშრუტების დაგეგმვას, კომპასისა და რუკის მეშვეობით მთიან რელიეფზე გადაადგილებას, დაშავებულის პირველადი დახმარების აღმოჩენას, გადარჩენასა და ევაკუაციის ორგანიზებას სწავლობენ. ზაფხულის საბაზისო კურსი 2 400 მეტრის სიმაღლეზე მარშგადაადგილებასა და კარვებში ღამის გათენებასაც გულისხმობს.

კურსის დასასრულს მონაწილეებს კომპლექსური და ფიზიკური ტესტები ჩაუტარდებათ. საბაზისო სწავლების წარმატებით გავლის შემთხვევაში, მათ მომავალ წელს შუალედური კურსის გავლის შესაძლებლობა ექნებათ. სამთო მომზადების საბაზისო კურსი 7 ივლისს დასრულდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები