“ჯორჯიან მანგანეზმა” სახელმწიფოს სააპელაციო სასამართლოში დავა მოუგო – რას აცხადებს კომპანიის სპეციალური მმართველი (ვიდეო)

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დავა სახელმწიფოს წინააღმდეგ შპს „ჯორჯიან მანგანეზის“ გამარჯვებით დასრულდა. საქმე ეხებოდა შპს ,,ჯორჯიან მანგანეზში’’ შემოსავლების სამსახურის მიერ 2015 წელს ჩატარებული საგადასახადო შემოწმების შედეგად, 200 მილიონამდე თანხის დარიცხვის კანონიერებას. გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლომ ინფორმაცია გაავრცელა, რომელშიც ნათქვამია, რომ ,,ჯორჯიან მანგანეზის’’ საგადასახადო დავალიანების განსაზღვრა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე განხორციელდა.
„ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის გადაწყვეტილებით, საგადასახადო ორგანოს მხრიდან შპს ,,ჯორჯიან მანგანეზის’’ საგადასახადო დავალიანების განსაზღვრა განხორციელდა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე. არსებითად დაირღვა მატერიალური კანონმდებლობა. შესაბამისად, სააპელაციო სასამართლომ ბათილად ცნო კერძო კომპანიაზე თანხის დარიცხვის საფუძვლები და საგადასახადო ორგანოს ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა დაავალა“, – ნათქვამია ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებას გამოეხმაურა შპს. „ჯორჯიან მანგანეზის“ სპეციალური მმართველი ნიკოლოზ ჩიქოვანი. როგორც მან „TV პირველის“ პირდაპირ ეთერში განაცხადა, სასამართლომ კომპანიის იურისტების მიერ წარდგენილი გარემოებები გაითვალისწინა.
„სასამართლომ გაითვალისწინა ჩვენი იურისტების მიერ წარდგენილი გარემოებები და ეს საქმე საგადასახადო ორგანოში დააბრუნა. ახლა საგადასახადო ორგანომ თავიდან უნდა გადაითვალოს ეს ჯარიმა“, -განაცხადა ნიკოლოზ ჩიქოვანმა.
მისივე თქმით, ის დასკვნა, რომელიც სასამართლომ დადო, მნიშვნელოვნად წასწევს წინ კომპანიის სამომავლო გეგმებსაც და თანხების მოძიებასაც გაამარტივებს. როგორც ნიკოლოზ ჩიქოვანმა აღნიშნა, ზოგადად, საწარმოს რაც უფრო ნაკლები დავა და პრობლემა აქვს, მით უფრო მარტივდება ოპერირება.
ცნობისთვის, ,,ჯორჯიან მანგანეზი’’ წარმოადგენს ამერიკული კომპანია ,,ჯორჯიან ემერიქენ ელოიზის’’ მიერ დაფუძნებულ საზოგადოებას, რომელიც საქართველოში სამ უმსხვილეს საწარმოს – ,,ზესტაფონის ფეროშენადნობთა ქარხანას’’, ,,ჭიათურმანგანუმსა’’ და ,,ვარციხე ჰესების კასკადს’’ ფლობს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები