გიორგი მიქაუტაძე: საბჭომ იმოქმედა მოქმედი ნორმების გათვალისწინებით და დანიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე

 “დაახლოებით 9-წლიანი გამოცდილება აქვს სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობის”, – ამის შესახებ იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანმა, გიორგი მიქაუტაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის თანამდებობაზე ვასილ მშვენიერაძის კანდიდატურის წარდგენასთან დაკავშირებით განაცხადა. მისი თქმით, მშვენიერაძე ღირსეული კანდიდატურა იყო, რომელსაც საბჭომ მხარი დაუჭირა.

“დაახლოებით 9-წლიანი გამოცდილება აქვს სასამართლოს თავმჯდომარედ მუშაობის, კარგი მენეჯერია, სარგებლობს კარგი რეპუტაციით და ნდობით მოსამართლეებს შორის”,- განაცხადა საბჭოს მდივანმა.

როგორც მიქაუტიძემ აღნიშნა, საბჭომ იმოქმედა მოქმედი ნორმების გათვალისწინებით და დანიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე.

“გადადებასთან დაკავშირებით, იყო შემოთავაზება, თუმცა გაურკვეველი იყო, როდემდე უნდა გადადებულიყო ეს პროცესი და რატომ. საბჭომ იმოქმედა მოქმედი ნორმების გათვალისწინებით და დანიშნა თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარე. ისეთ სასამართლოში, როგორიც არის თბილისის საქალაქო სასამართლო, თავმჯდომარის გარეშე მუშაობა, ფაქტობრივად, შეუძლებელია. შესაბამისად, საბჭოს არ ჰქონდა იმის ფუფუნება, თავმჯდომარის გარეშე დაეტოვებინა საქალაქო სასამართლო.

“მოვალეობის შემსრულებლების დანიშვნა თავის დროზე ხდებოდა ხოლმე ძალიან მწვავე კრიტიკის საგანი, ისმოდა ბრალდებები, რომ საბჭო იტოვებდა დამატებით ბერკეტებს სასამართლოების თავმჯდომარეებზე ზემოქმედების მოხდენის მიზნით, თუმცა დღეს საბჭოს წევრისგან განსხვავებული პოზიცია მოვისმინეთ, რასაც მე არ ვეთანხმები”,- განაცხადა მიქაუტაძემ.

რაც შეეხება ბრალდებას, რომ საბჭოს წევრები წინასწარ იყვნენ შეთანხმებული კანდიდატურაზე, მიქაუტაძის თქმით, მოსამართლე წევრები, თუმცა შესაძლოა ყველა არა, ინფორმირებული იყო, რომ ის კანდიდატურების დასახელებას აპირებდა.

“დაახლოებით ერთი კვირაა, რაც თბილისის საქალაქო სასამართლოს თავმჯდომარის პოსტი ვაკანტურია. შესაბამისად, ყველას ჰქონდა საშუალება, დაესახელებინა კანდიდატურა”, – განაცხადა მიქაუტაძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები