პროკურატურის წარმომადგენლები გურჯაანსა და თელავში მოსახლეობასთან გამართულ შეხვედრებს დაესწრნენ

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლები ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტისა (NDI) და საქართველოს პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს ორგანიზებით, გურჯაანსა და თელავში მოსახლეობასთან გამართულ საჯარო შეხვედრებს დაესწრნენ. საქართველოს პროკურატურის ცნობით, შეხვედრებზე ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის, პრევენციისa და ძალადობის მსხვერპლთა დაცვის შესახებ ისაუბრეს.
გენდერული თანასწორობის საბჭოს წარმომადგენლებმა პარლამენტის გენდერული თანასწორობის საბჭოს საქმიანობა და სამომავლო გეგმები მიმოიხილეს. ასევე, საზოგადოებას სტამბოლის კონვენციიდან გამომდინარე, საქართველოს კანონმდებლობაში შესული მნიშვნელოვანი ცვლილებები გააცნეს. საქართველოს პროკურატურის და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებმა მოსახლეობას მიაწოდეს ინფორმაცია ოჯახში ძალადობის და ქალთა მიმართ ძალადობის შემთხვევებზე სახელმწიფო უწყებების რეაგირების შესახებ. საჯარო შეხვედრას ასევე დაესწრო ადამიანით ვაჭრობის (ტრეფიკინგის) მსხვერპლთა, დაზარალებულთა დაცვისა და დახმარების სახელმწიფო ფონდის დირექტორი, რომელმაც მოსახლეობას ძალადობის მსხვერპლთათვის ხელმისაწვდომი სახელმწიფო სერვისები გააცნო.
გურჯაანისა და თელავის მოსახლეობასთან შეხვედრას ადგილობრივი არასამთავრობო ორგანიზაციები, მედიისა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დაესწრნენ. მოსახლეობასთან საჯარო შეხვედრები ხვალ, 4 ივლისს მარნეულსა და ბოლნისში დასრულდება. საჯარო შეხვედრების მიზანია მოსახლეობის ინფორმირება ევროპის საბჭოს კონვენციაზე (სტამბოლის კონვენცია), რომელიც “ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ” საკითხებს ეხება. ღონისძიება ეროვნულ-დემოკრატიული ინსტიტუტის (NDI) მხარდაჭერითა და დიდი ბრიტანეთის მთავრობის UK aid-ის ფინანსური ხელშეწყობით ხორციელდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები