ზურაბ ალავიძე: სამწუხარო იქნება, თუ პრეზიდენტი თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს
ინფრასტრუქტურის მინისტრი ზურაბ ალავიძე თვლის, რომ სამწუხარო იქნება თუ პრეზიდენტი თვითმმართველი ქალაქებისთვის სტატუსის შეჩერებასთან დაკავშირებულ კანონპროექტს ვეტოს დაადებს. როგორც ზურაბ ალავიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, ამ კანონპროექტით დემოკრატიის ხარისხი არ შემცირდება.
“ძალიან სამწუხარო იქნება, თუ პრეზიდენტი დაადებს ამას ვეტოს. სამი მოსმენით გასულია და მიღებულია ეს კანონი. ჩვენ მიგვაჩნია, რომ აბსოლუტურად სწორად გავაკეთეთ ის, რაც გავაკეთეთ. ბევრი კომენტარიც გავაკეთეთ ამასთან დაკავშირებით. დემოკრატიის ხარისხი იოტისოდენადაც არ მცირდება ამ მიმართულებით. ჩვენ ეს პროცესი გავიარეთ კანონმდებლობის სრული დაცვით, იმ დოზით, რაც მოგვეთხოვებოდა. იყო ხალხის ჩართულობა. კანონიდან არ გადაგვიხვევია ერთი ნაბიჯით” , – განაცხადა ალავიძემ.
ცნობისთვის, არასამთავრობო ორგანიზაციები პრეზიდენტს “საქართველოს ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში შესატან ცვლილებებზე” ვეტოს დადებას სთხოვენ.