თეა წულუკიანი: ხანძარზე სპეკულაციები უსაფუძვლოა

საქართველოს იუსტიციის მინისტრის, თეა წულუკიანის განცხადებით, ხანძრის შედეგად დაზარალებულებისთვის საქართველოს მთავრობა ყველაფერს აკეთებს.
“მთელი ღამის განმავლობაში, მხარს ვუჭერდით და ვგულშემატკივრობდით თითოეულ მეხანძრეს, რომლებიც ცეცხლს ებრძოდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტროს თითოეულმა სტრუქტურამ ძალიან მძიმე სამუშაო გაწია გუშინ და თითოეულ მეხანძრეს მადლობას ვუხდი. რამდენიმე მეხანძრე დაშავდა, მინდა, მათ გამოჯანმრთელება ვუსურვო. რაც შეეხება სპეკულაციებს, ისინი უსაფუძვლოა, რადგან მთავრობა ყველაფერს აკეთებს, მისთვის უმთავრესია ადამიანის ღირსება და ადამიანის უფლებები. ამიტომაც, ამ უსაფუძვლო სპეკულაციებს სამარცხვინოს ვუწოდებდი”, – განაცხადა თეა წულუკიანმა.
ე.წ ელიავას ბაზრობის ტერიტორიაზე ხანძარი წუხელ, გვიან ღამით გაჩნდა. არსებული ინფორმაციით, ბაზრის ტერიტორიის 2 500 კვადრატული მეტრია დამწვარი.
ე.წ. ელიავას ბაზრობაზე, უსაფრთხოების მიზნით, სამართალდამცველები ახლაც იმყოფებიან. ადგილზე რჩებიან სახანძრო-სამაშველო ჯგუფებიც. სამართალდამცველებს ტერიტორია დამცავი ლენტებით აქვთ შემოსაზღვრული და იქ მოქალაქეებს არ უშვებენ. ტერიტორიაზე იკრიბებიან ხანძრის შედეგად დაზარალებული მოვაჭრეებიც.
ე.წ. ელიავას ბაზრის ტერიტორიაზე ხანძრის შედეგად მიყენებული ზარალის დათვლა დღეიდან დაიწყება. ტერიტორიაზე ელოდებიან ექსპერტებსაც, რომლებიც დამწვარ შენობაში იმუშავებენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები