კახა კალაძე: ხალხი განახლებას ელოდება

“ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს” თბილისის მერობის კანდიდატის კახა კალაძის აზრით, ხალხი განახლებას ელოდება. ამის შესახებ კალაძემ მთაწმინდის პარკში განაცხადა, სადაც ის მერობის კანდიდატად ოფიციალურად წარადგინეს.

მისივე თქმით, პარტია ყოველთვის გამარჯვებით აღწევდა მიზანს, ვინაიდან ყოველთვის იცოდნენ როგორ ეკეთებინათ ის საქმე, რასაც ხელს ჰკიდებდნენ.

“უდიდესი პატივია ვიყო წარდგენილი თბილისის მერის პოსტზე. განსაკუთრებული ემოციები მაკავშირებს თბილისთან, რომელიც წლების მანძილზე ჩემი გულშემატკივარი იყო, ჩემთან ერთად ზეიმობდა გამარჯვებას და მეფერებოდა გაჭირვების ჟამს. მან უდიდესი წვლილი შეიტანა ჩემს გამარჯვებაში. დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ჩვენს პოლიტიკურ გუნდს და მის ლიდერს, ბატონ გიორგი კვირიკაშვილს წარდგენისთვის. უპირველეს ყოვლისა მადლობას მოგახსენებთ ამ ნდობისთვის და მხარდაჭერისთვის. ჩემს ცხოვრებაში ხშირად იყო საპასუხისმგებლო და ეტაპობრივად მნიშვნელოვანი მომენტები, რომელთა სიმძაფრე და განცდა დღემდე მომყვება და დრო ვერ აუფერულებს ამ ემოციას. ჩემს ცხოვრებაში იყო ბევრი გამარჯვება და მისკენ სავალი რთული გზები, მაგრამ ყოველთვის მყავდა გვერდით გუნდი – ფეხბურთში, ძალადობრივ რეჟიმთან ბრძოლაში, ენერგეტიკაში! ჩვენ ყოველთვის გამარჯვებით ვაღწევდით მიზანს, ვინაიდან ყოველთვის ვიცოდით როგორ გვეკეთებინა ის საქმე, რასაც ხელი მოვკიდეთ და დღესაც ჩვენ ყველა, ვინც ვთვლით, რომ თბილისს ძირეული ცვლილებები სჭირდება, ვართ ერთად. ჩვენ ერთნი ვართ, მე და თქვენ და აუცილებლად გავიმარჯვებთ! თბილისი გაიმარჯვებს”, – განაცხადა კახა კალაძემ.

მისივე თქმით, ხალხი ელოდება განახლებას, რაც დაკავშირებულია მათი ოჯახების კეთილდღეობასთან, შვილების ჯანმრთელობასთან, ჯანსაღ გარემოსთან და კომფორტთან.

“2012 წელს, როცა რეჟიმმა ქვეყანა ჩიხში შეიყვანა და მხოლოდ ძალადობა, უკანონობა სუფევდა ირგვლივ ჩვენმა ერთობამ და გუნდურობამ მოიტანა ძალიან მნიშვნელოვანი გამარჯვება. 2015 წელს თბილისის დამანგრეველი სტიქია ჩვენმა ერთობამ გადაგვატანინა, ერთად მოვიშუშეთ ტრაგედიით მიყენებული ჭრილობები და ახლაც, 2017 წელს ჩვენ ყველა ერთად უნდა დავდგეთ ,- ჩვენ ვიბრძოლებთ თბილისის გამარჯვებისთვის. ხალხი ელოდება განახლებას, რაზეც პირდაპირ არის დაკავშირებული მათი ოჯახების კეთილდღეობა, შვილების ჯანმთრელობა, ჯანსაღი გარემო და კომფორტი”, – აღნიშნა კალაძემ.

ვიცე-პრემიერი კახა კალაძე დღეს „ქართული ოცნება – დემოკრატიული საქართველოს“ პოლიტსაბჭოს სხდომაზე ერთხმად აირჩიეს თბილისის მერობის კანდიდატად.

თვითმმართველობის არჩევნები ოქტომბერში ჩატარდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები