ნინო გვენეტაძე: სასამართლოს თავმჯდომარეების არჩევასთან დაკავშირებული პროცედურა გამჭვირვალეა
„ჩვენ, თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, დავნერგეთ გამჭვირვალე პროცედურა და ვეყრდნობით კოლეგების მოსაზრებას კონკრეტული სასამართლოდან“, – ამის შესახებ უზენაესი სასამართლოსა და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო გვენეტაძემ თბილისის საქალაქო სასამართლოს ახალი თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.
როგორც მან აღნიშნა, პროცედურა შეიძლება არ არის ის, რაც საზოგადოებას სრულად დააკმაყოფილებდა, მაგრამ ამ გზით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადაიდგა.
“ჩვენ, თავმჯდომარის არჩევასთან დაკავშირებით, დავნერგეთ გამჭვირვალე პროცედურა. ვეყრდნობით კოლეგების მოსაზრებას კონკრეტული სასამართლოდან, ასევე, საბჭოს სხდომაზე ვეყრდნობით ინიციატორის მოსაზრებას, რომელიც არის საბჭოს წევრი. კანდიდატთან ხდება გასაუბრება ყველაზე მნიშვნელოვან საკითხზე, რომლის შესრულებაც მას ფუნქციონალურად მოუწევს თავმჯდომარის რანგში. ამ მხრივ, კანდიდატები სამუშაო გეგმას და პროგრამას წარმოადგენენ, რის შემდეგაც საბჭო იღებს გადაწყვეტილებას კენჭისყრის გზით. პროცედურა შეიძლება არ არის ის რაც საზოგადოებას სრულად დააკმაყოფილებდა, მაგრამ ჩვენ ამ გზით, მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადავდგით. საბჭოს სხდომები ღიაა და ნებისმიერ დაინტერესებულ პირს შეუძლია ადევნოს თვალი ამ პროცესს”, – განაცხადა ნინო გვენეტაძემ.