ირაკლი სესიაშვილი: ვლადიმერ მამონტოვის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი, ოპოზიციის მორიგი სპეკულაციაა

პარლამენტის თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი სესიაშვილის განცხადებით, რუსი ჟურნალისტის ვლადიმერ მამონტოვის ირგვლივ ატეხილი აჟიოტაჟი ოპოზიციის მორიგი სპეკულაციაა.
სესიაშვილისთვის გაუგებარია, თუ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ მამონტოვი 2009 წელს საზღვრიდან უკან გააბრუნეს, მაშინ რატომ არ დააკავეს ის თავის დროზე.
„რადგან ამ პირის მიერ საოკუპაციო ხაზის გადაკვეთასთან დაკავშირებით ინფორმაცია არ არსებობს, როგორც ჩვევია ოპოზიციას გასაკვირი არ არის, რომ ამ თემითაც სპეკულირებენ. მაგრამ თუ ოპოზიციური პარტიის წარმომადგენლები ამტკიცებენ, რომ 2009 წელს ის საზღვრიდან უკან გააბრუნეს მაშინ ისმის კითხვა, რატომ არ დააკავეს?მან ხომ კანონი დაარღვია, ამ შემთხვევაში სისხლის სამართლის პასუხისმგებლობაში უნდა მიეცათ, ხოლო თუ უკან გააბრუნეს საფუძვლის გარეშე ეს ცალკე დანაშაულია. ამიტომ ეს ყველაფერი წმინდა წყლის სპეკულაციაა“, – განაცხადა სესიაშვილმა.
რადიო სადგურ “ლაპარაკობს მოსკოვის” მთავარი რედაქტორი ვლადიმერ მამონტოვი თბილისში იმყოფება. მას სავარაუდოდ, ”ოკუპირებული ტერიტორიების” შესახებ საქართველოს კანონი აქვს დარღვეული.
თუმცა, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროში აცხადებენ, მესაზღვრეს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, რომ ვლადიმერ მამონტოვი საქართველოში არ შემოეშვა, როგორც უწყებაში განმარტავენ, „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის თანახმად, აღნიშნულ დანაშაულს აქვს ხანდაზმულობის 6 წლიანი ვადა. შესაბამისად, მის მიმართ გამოძიება ვერ დაიწყებოდა.
„როგორც გადავამოწმეთ, ვლადიმერ მამონტოვი 2009 წელს „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ კანონის დარღვევის გამო საზღვრიდან არ გაუბრუნებიათ. ამ კანონის შესაბამისად, მის მიმართ უნდა დაწყებულიყო სისხლის სამართლებრივი დევნა, რაც მაშინ არ მომხდარა. ამას გარდა, მამონტოვს პასპორტში არ ჰქონდა შესაბამისი შტამპი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ის ოკუპირებული აფხაზეთის ტერიტორიაზე იყო ნამყოფი. შესაბამისად მესაზღვრეს არ ჰქონდა არანაირი საფუძველი, რომ აღნიშნული პირი საქართველოს ტერიტორიაზე არ შემოეშვა”, – აცხადებენ შსს-ში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები