პროკურორებმა და გამომძიებლებმა კიბერდანაშაულის გამოძიებისა და ელექტრონული მტკიცებულების თემაზე ტრენინგი გაიარეს

საქართველოს მთავარ პროკურატურაში პროკურორებისა და სხვადასხვა უწყების გამომძიებლებისთვის კიბერდანაშაულის გამოძიებისა და ელექტრონული მტკიცებულების თემაზე ტრენინგი ჩატარდა. სწავლების შედეგად, პროკურორები და გამომძიებლები ელექტრონული მტკიცებულების შეგროვებისა და გამოყენების ძირითად პრინციპებს, ელექტრონული მტკიცებულების ამოღების მეთოდებსა და სასამართლო პროცესზე მათი გამოყენების საკითხებს გაეცნენ. ტრენინგი აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტთან (DOJ) თანამშრომლობით განხორციელდა.
პროკურატურის ინფორმაციით, ორდღიანი სასწავლო კურსის ფარგლებში, მონაწილეებმა თეორიულ სწავლებასთან ერთად, პრაქტიკული სავარჯიშოებიც შეასრულეს. პროგრამა მოიცავდა: კიბერსაფრთხეების გაცნობას, კომპიუტერული სისტემების, მობილური ტელეფონებისა და ინტერნეტის ტექნიკურ მიმოხილვას, ციფრული ქსელის გამოძიებას, ციფრული მედიის ჩხრეკა-ამოღებასა და სხვა მნიშვნელოვან საკითხებს. სასწავლო კურსს აშშ-ის იუსტიციის დეპარტამენტიდან მოწვეული პრაქტიკოსი სპეციალისტები, კომპიუტერული დანაშაულისა და ინტელექტუალური საკუთრების სამმართველოს კრიმინალური დეპარტამენტის პროკურორები – არონ კუპერი, ფრენკ ლინი და გამოძიების ფედერალური ბიუროს უფროსი გამომძიებელი ტომას კაპი უძღვებოდნენ.
კურსი, პროკურორებთან და პროკურატურის სისტემის გამომძიებლებთან ერთად, შინაგან საქმეთა სამინისტროს, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისა და ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლებმაც გაიარეს. ტრენინგის დასრულების შემდეგ, მონაწილეებს სერტიფიკატები გადაეცათ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები