ლევან იზორია: „ჩვენ ვრჩებით და ვაძლიერებთ ნატოს ეგიდით მტკიცე მხარდაჭერის მისიის ფარგლებში ჩვენს კონტრიბუციას“

ბრიუსელმა, ნატოს შტაბ-ბინაში  თავდაცვის მორიგ მინისტერიალს უმასპინძლა. ბელგიის სამეფოში მინისტერიალზე დასასწრებად იმყოფება საქართველოს თავდაცვის მინისტრი.
როგორც ,,კვირას“ თავდაცვის სამინისტროდან აცნობეს ლევან იზორიამ მონაწილეობა „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში დაგეგმილ ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში მიიღო, რომელიც ალიანსის გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა გახსნა.
ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა. ლევან იზორიამ ყურადღება საერთაშორისო უსაფრთხოების და სტაბილურობის განმტკიცების პროცესში საქართველოს, როგორც ალიანსის სტრატეგიული და სანდო პარტნიორის, როლზე გაამახვილა. მინისტრის განცხადებით, საქართველო რჩება და ინარჩუნებს ნატოს ეგიდით მიმდინარე „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში არსებულ კონტრიბუციას.
„870 ქართველი სამხედრო მოსამსახურე საერთაშორისო მისიის ფარგლებში, ავღანეთში მსახურობს. ჩვენ იგივე რაოდენობით გავაგრძელებთ მომავალშიც ამ კონტრიბუციას, რათა პარტნიორებთან ერთად, უსაფრთხოება საერთაშორისო დონეზე უზრუნველვყოთ. დღეს გლობალურ სამყაროში საერთაშორისო უსაფრთხოების უზრუნველყოფა საკუთარი ქვეყნის უსაფრთხოებისთვის გადადგმულ მნიშვნელოვან ნაბიჯს ნიშნავს და განსაკუთრებით ნატოს ეგიდით ამ ნაბიჯების გადადგმა საქართველოს მოუტანს მეტ უსაფრთხოებას, ნატოსთან მეტ თავსებადობას“, – აღნიშნა ლევან იზორიამ სიტყვით გამოსვლისას.
ნატოს თავდაცვის მინისტერიალის ფარგლებში, საქართველოს თავდაცვის მინისტრმა, ლევან იზორიამ ორმხრივი შეხვედრები შვედ და ფინელ კოლეგებთან – პიტერ ჰულტქვისტთან და იუსი ნიინისტოსთან გამართა, სადაც გადაწყდა, რომ ორივე მინისტრი საქართველოს სექტემბერში ეწვევა. ნატოს შტაბ-ბინაში ლევან იზორია ლიტვის თავდაცვის მინისტრს, რაიმუნდას კარობლისსაც შეხვდა. ლიტველი კოლეგის მიწვევით, ლიტვის რესპუბლიკაში სექტემბრის ბოლოს საქართველოს თავდაცვის მინისტრის ვიზიტი დაიგეგმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები